„თუ მოქალაქე ნაფიც მსაჯულად გამოცხადების ვალდებულებას არ შეასრულებს, მას 1000-იდან 1500 ლარამდე ჯარიმა ეკისრება“ – იურისტი გვანცა ჟორჟოლიანის განმარტება

„თუ მოქალაქე ნაფიც მსაჯულად გამოცხადების ვალდებულებას არ შეასრულებს, მას 1000-იდან 1500 ლარამდე ჯარიმა ეკისრება“ – იურისტი გვანცა ჟორჟოლიანის განმარტება
რადიო კომერსანტის გადაცემაში „კომერსანტის დილა“ იურისტმა და სამოქალაქო სამართლის სპეციალისტმა გვანცა ჟორჟოლიანმა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ ისაუბრა.
მან აღწერა პროცედურა, რის მიხედვითაც ირჩევიან ნაფიცი მსაჯულები და ის ვალდებულებები ჩამოთვალა, რომელიც მოქალაქეს ეკისრება ნაფიც მსაჯულად მისი შერჩევის შემდეგ.
„კანონი განსაზღვრავს ჩამონათვალს, თუ რა ტიპის საქმეებს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. ესენია: განზრახ მკვლელობა, ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, არაადამიანური მოპყრობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ადამიანის უდანაშაულოდ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირის უდანაშაულოდ გამომწყვდევა.
თუ დაცვის მხარე განაცხადებს თანხმობას, რომ მისი საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა, შემდეგ იწყება მათი შერჩევის პროცესი. დაცვის მხარე პროცესზე ასახელებს ნებისმიერ რიცხვს, მაგალითად 83-ს და მოსამართლე სამოქალაქო რეესტრის ბაზიდან იღებს ყოველ 83-ე ადამიანს და ადგენს მათ 50-კაციან სიას.
ამის შემდეგ იწყება სიის გაცხრილვა. ამ სიაში ხვდება ყველა ადამიანი, ვინც გადაცილებულია 18 წლის ასაკს, ცხოვრობს საქართველოში და ფლობს ქართულ ენას, თუმცა ს ტერიტორიაზე მცხოვრებისთვის ეს არის აფხაზური ენა და პირი არ უნდა იყოს ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ბოლოს, თუ მისი ჯანმრთელობის ან ფსიქიკური მდგომარეობა ხელს არ უშლის, რომ შეასრულოს ნაფიცი მსაჯულის როლი.
სიიდან გაიცხრილება ყველა: გამომძიებელი, პოლიციელი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, იურისტი, ადვოკატი, ფლობს გარკვეული სახის ინფორმაციას ამ საქმეზე, არის ოჯახის წევრი ან ნაცნობი პირი ამ საქმესთან შეხებაში მყოფი პირების. ეს სია უნდა ჩამოვიდეს 12 ადამიანზე და მათ ემატება 2 დამატებით სარეზერვო მსაჯული, იმ შემთხვევისთვის, თუ სიიდან რომელიმე მსაჯული საპატიო მიზეზით ვერ დაესწრება სასამართლო პროცესს.
ამ სიიდან ადამიანებს სასამართლოდან მისდით უწყება ნაფიც მსაჯულად გამოცხადების შესახებ. ამის შემდეგ მოქალაქეს 2 დღე აქვს იმისთვის, რომ სასამართლოს გაუგზავნოს პასუხი იმაზე, თუ არსებობს მისი აცილების მიზეზები. ასეთი მიზეზებია: უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში თუ ის უკვე იყო ნაფიცი მსაჯული, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოქალაქე დასაქმებულია ისეთ სამსახურში, რომელშიც მისი ჩანაცვლება ვერ მოხდება, მოქალაქე თუ არის 70 წელს ზემოთ ასაკის, მოქალაქეს თუ აქვს პასუხისმგებლობა დაკისრებული ნარკოდანაშაულის გამო“, – განაცხადა გვანცა ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, თუ მოქალაქეს არ აქვს ხელის შემშლელი მიზეზი, ის ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ემუქრება ჯარიმა 1000-იდან 1500 ლარამდე ოდენობით.
„თუ ასეთი შეტყობინების გაგზავნა არ მოხდება, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქე ვალდებულია გამოცხადდეს პროცესზე. თუ ამ ვალდებულებას პირი არ შეასრულებს, ის 1000-იდან 1500 ლარამდე თანხით დაჯარიმდება. ასევე თუ ის გამოცხადდება, მაგრამ არ შეასრულებს მოვალეობას, ასეთ დროსაც მოსამართლე მოქალაქეს დააჯარიმებს.
ნაფიც მსაჯულის ვალდებულების შესრულება ანაზღაურებადი არ არის, მაგრამ თუ პირი დასაქმებულია, მას ჩვეულებრივად აუნაზღაურდება ხელფასი და გაცდენილი დღეებისთვის არ დაექვითება ხელფასი. ასევე მოქალაქეს სახელმწიფო უნაზღაურებს იმ ხარჯებს, რომელიც მას ნაფიც მსაჯულად გამოცხადების გამო სხვა ქალაქში გამგზავრებისთვის, დარჩენისთვის და ხარჯებისთვის სჭირდება“, – აღნიშნა იურისტმა.
მისივე განმარტებით, პირის უდანაშაულოდ ცნობის შემთხვევაში, ნაფიც მსაჯულთა განაჩენი გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის საკითხს მოსამართლე განსაზღვრავს.
„თუ ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვიტეს, რომ ბრალდებული უდანაშაულოა, მოსამართლეს ამ განაჩენის შეცვლის უფლება არ აქვს, მაგრამ თუ მოქალაქე გამტყუნდება, მოსამართლეს უფლება აქვს ან დატოვოს ეს გადაწყვეტილება ძალაში ან მოითხოვოს ნაფიცი მსაჯულების ახალი სიის შედგენა.
ნაფიც მსაჯულებს შეუძლიათ სასჯელის ვადების განსაზღვრაშიც მიიღონ მონაწილეობა. თუ დაცვისა და ბრალდების მხარე თანახმა იქნებიან, ნაფიცი მსაჯულები თავის მოსაზრებას წარუდგენენ მოსამართლეს და მოსამართლე დათანხმდება ან არ დათანხმდება მათ გადაწყვეტილებას.
რაც შეეხება ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებას, თუ მოსამართლე გადაწყვეტს, რომ არ ექვემდებარება გასაჩივრებას, ვერ გასაჩივრდება, თუმცა თუ ახალი ნაფიცი მსაჯულები შეირჩევიან, ასეთ დროს თავიდან იწყება საქმის განხილვა“, – განაცხადა გვანცა ჟორჟოლიანმა.