,,თუ მომხმარებელი ნივთს ონლაინ ყიდულობს, კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა, შეუძლია 14 დღის განმავლობაში ყოველგვარი პირობების გარეშე უკან დააბრუნოს“- GCCA
ნებისმიერ ნივთის შეძენისას, იქნება ეს ონლაინ თუ ფიზიკურ მაღაზიაში- მომხმარებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს, ვისგან ყიდულობს პროდუქციას,- ამის შესახებ GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ამათ ამაროვმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, აუცილებელია დაზუსტებული ინფორმაციის ფლობა გამყიდველის შესახებ (კომპანიის დასახელება, ფიზიკური პირის შემთხვევაში- სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო მონაცემები) იმისთვის, რომ დაზიანებული, დაუმუშავებელი ან საერთოდ მიუტანელი პროდუქტის შემთხვევაში მომხმარებელმა შეძლოს უფლებების დაცვა და საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიმართოს.
„როდესაც მომხმარებელი რაიმეს შეძენას აპირებს, არ აქვს მნიშვნელობა ეს მაღაზიაში ხდება, სავაჭრო ცენტრში თუ ონლაინ- აუცილებლად უნდა დავაზუსტოთ და დავაკონკრეტოთ ვისგან ვყიდულობთ; კერძოდ: კომპანიის დასახელება, თუ ფიზიკური პირია, სახელი_გვარი და პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი…
ეს ყველაფერი საჭიროა, რადგან თუ ნივთი დაზიანებულია ან მოლოდინს არ შეესაბამება, ან საერთოდაც არ მოგვიტანენ, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოითხოვოს ამ ნივთის შეცვლა ან შეკეთება. თუ მოვაჭრე უარს განაცხადებს, შემდეგ უკვე მომართონ GCCA-ს და ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას“,- აღნიშნა ამათ ამაროვმა.
ამაროვის განმარტებით, ახალი კანონმდებლობა მომხმარებლებს კონკრეტულ და მნიშვნელოვან უფლებებს ანიჭებს: კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა, ონლაინ შეძენილი პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია 14 დღის ვადაში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.
ფიზიკური ვაჭრობის შემთხვევაში თავად მოვაჭრე განსაზღვრავს, დაიბრუნებს თუ არა ნივთს. თუ პირობებში წერია, რომ იბრუნებს ნივთს, მას უკვე ვალდებულება აქვს, თუმცა თუ ეს ვალდებულება არ აიღო, კანონი ნივთის დაბრუნებას არ ავალდებულებს.
არსებობს კანონისმიერი გარანტიაც, თუ მომხმარებელმა დაზიანებული ან შეთანხმებებისგან განსხვავებული ნივთი მიიღო, მას 2-წლიანი ვადა აქვს, რათა მოვაჭრეს მიმართოს და მოითხოვოს ნივთის შეცვლა/შეკეთება, ფასის შემცირება ან ხელშეკრულებიდან გასვლა.
ეს პირობები ვრცელდება ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რა ღირს ნივთი და სად მოხდა შეძენა.
ნივთის შეძენიდან პირველი 6 თვე მოვაჭრემ უნდა ამტკიცოს, რომ მომხმარებელს გადასცა უნაკლო ნივთი, ხოლო 6 თვის გასვლის შემდეგ უკვე მომხმარებელმა უნდა ამტკიცოს, რომ დაზიანებული ნივთი მიიღო,- აღნიშნა GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ამათ ამაროვმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში.
