“თუ მოახერხებს აშშ-ის პრეზიდენტი „დიპ სტეიტის“ შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს-კვო, რაც არის დღეს მოცემული”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ქართულმა მხარემ გაავრცელა გზავნილები აშშ-ის ადმინისტრაციის წინაშე და თუკი არის ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, ამერიკის მხრიდან ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გაგრძელდება და დასრულდება ორთაბრძოლა პრეზიდენტ ტრამპსა და „დიპ სტეიტს“ შორის. ამ ორთაბრძოლის თაობაზე თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ.
თუ მოახერხებს პრეზიდენტი „დიპ სტეიტის“ შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს-კვო, რაც არის დღეს მოცემული.
გარდა ამისა, უნდა გავიხსენოთ ის, რომ იგივე „მეგობარი აქტი“ იქნა მიღებული. ძალაშია სანქციები, რომელიც მოქმედებს, მათ შორის, ვიცე-პრემიერის მიმართ, ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არ არის პასიური დუმილი, ეს არ არის პასიური მდგომარეობა.
ჩვენ გვჭირდება მოცემულობის შეცვლა. თუ არის ამერიკული მხრიდან ასევე ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ნაბიჯები უნდა გადაიდგას, თუმცა, ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული. ჩვენზე დამოკიდებული რაც იყო გავაკეთეთ, ჩვენი გზავნილები გავაჟღერეთ, ადმინისტრაციის წინაშე, ვნახოთ, როგორი იქნება მათი რეაქცია“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
13 მაისს “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკის გვერდზე ღია წერილიც გამოაქვეყნა, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს, მიმართა.
კობახიძე წერდა, რომ მათი მხრიდან უპასუხოდ დარჩა რამდენიმე კვირის წინ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით მიწერილი წერილი, რომელშიც გამოხატული იყო მზაობა ურთიერთობების “სუფთა ფურცლიდან” დაწყებაზე, მიიჩნევს რომ ეს გასაკვირია, იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულ ოცნებასა“ და აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციას შორის ღირებულებითი თანხვედრაა.
ამ წერილში კობახიძემ გაუგებარი უწოდა “სანქციებს” “საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს”.
2024 წლის 27 დეკემბერს, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს – „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. ბიძინა ივანიშვილისათვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილება შეერთებულმა შტატებმა მიიღო საქართველოში უწყვეტი პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების 30-ე დღეს; ამავე დროს – „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე.
ირაკლი კობახიძემ ამავე წერილში “აბსურდულ კანონად” მოიხსენია კონგრესის მიერ მიღებულ “ე.წ. „მეგობარი აქტი“, რომელიც კობახიძის შეფასებით, “არის მტრულად გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ”.
„მეგობარი აქტს“ აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ 6 მაისს უყარა კენჭი და ის ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო.
„მეგობარი აქტის“ ფორმალური დასახელება ასეთია: „[აქტი] საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად“.
ანალოგიური შინაარსის „მეგობარი აქტი“ წარდგენილია სენატშიც – ორპარტიული მხარდაჭერით.
ერთი მხრივ, კანონპროექტი ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში, დებს საქართველოსთან აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობის პირობას.
წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, ჯერი კონგრესის ზედა პალატაზე, სენატზეა – სანამ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპამდე მიაღწევს, სენატმაც უნდა დაამტკიცოს.
ფორუმი
