ასტროლოგიაში ურანის გავლენა, როგორც ჩარჩოდან გასვლა. ეს არ არის ტაბუს რღვევა, ნგრევა-შენება, რომელიც პლუტონის ასტროლოგიური ფუნქციაა. არამედ ეს არის ყოველგვარი ჩარჩოდან გასვლა, ძველის გადახედვა ან სულაც უარყოფა, სიახლის შემოტანა, ევოლუცია თუ რევოლუცია. ნებისმიერი ექსპერიმენტი სწორედ ურანის გავლენაა. ეს არის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. პირად ჰოროსკოპში ძლიერი ურანის (ასევე ასევე ძლიერად გამოხატული მერწყულის) გავლენით ადამიანები ხშირად აპროტესტებენ და იბრძვიან. ნებისმიერ საზოგადოებაში სწორედ ეს ადამიანები დგანან პროტესტის წინა ხაზზე. საინტერესოა, რომ თუ მიტინგი (როგორც ხალხის მასა) ასტროლოგიურად პლუტონის გავლენაა; პროტესტი, გაფიცვა, დაუმორჩილებლობა, აჯანყება – უკვე ურანია. ურანისეული გავლენის ყველაზე კარგი არქეტიპია – „ჯოკერი“, ტრიქსტერი.
ადამიანებში, ძლიერი ურანი იძლევა განსხვავებულობისკენ და თვითმყოფადობისკენ მიდრეკილებას. ურანი ძლიერია – მერწყულში, მორიელში, ასევე თხის რქაში, სასწორში და ტყუპში. ასევე ძლიერია, როდესაც შეერთებაშია მზესთან, მთვარესთან ან კვადრატული/ ოპოზიციური ასპექტი აქვს. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ დემნა გვასალია, რომელსაც პირად ჰოროსკოპში, კონკრეტულად კი მორიელის ნიშანში ურანი-მთვარის შეერთება აქვს.