„თუ მიმდინარე პროცესები დიდხანს გაგრძელდა, დამაზიანებელი იქნება, თუმცა ამჟამად გაძლებადია“ – HORSETOURS.GE

„თუ მიმდინარე პროცესები დიდხანს გაგრძელდა, დამაზიანებელი იქნება, თუმცა ამჟამად გაძლებადია“ – HORSETOURS.GE
Horsetour.ge 2024 წელს “ბიზნესპარტნიორთან” აჯამებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ანა ნადირაძე აცხადებს, ქვეყანაში არსებული არასტაბილურობა და პოლიტიკური პროცესები მათ საქმიანობაზეც აისახა. კერძოდ, კომპანიის სერვისებზე დეკემბერში მოლოდინზე დაბალი მომართვიანობა ფიქსირდებოდა.
“2 კვირის განმავლობაში სრული უმოძრაობა იყო” -აცხადებს ანა ნადირაძე. მისივე თქმით, აღნიშნულის მიუხედავად, წინა წელთან შედარებით, 2024 წელს კომპანიის შემოსავალი, დაახლოებით, 200%-ით გაიზარდა.
Horsetour.ge-ს დამფუძნებელი აღნიშნული ზრდის მიზეზად, კომპანიის პოპულარიზაციის გაზრდასა და ტურების გამრავალფეროვნებას მიიჩნევს.
“წინა წელს ჯერ კიდევ ახალი კომპანია ვიყავით და არ გვქონდა სათანადო რესურსები, ხალხი ნაკლებად გვიცნობდა. ქვეყანაში განვითარებული მოვლენები რა თქმა უნდა, ჩვენზეც აისახა. თუმცა წლიურ ჭრილში ჩვენი გაყიდვები რამდენჯერმე გაიზარდა. მაგალითად, წინა წელს თუ თვეში 258 ადამიანს მოვემსახურეთ, წელს ეს მაჩვენებელი 1500-მდე დაფიქსირდა. აღნიშნული ზრდა შეიძლება ითქვას ცნობადობის ხარჯზე მოხდა, თუმცა ეს მაჩვენებელი, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ჩვენს საპროგნოზო შემოსავალზე ნაკლებია. აგრეთვე წინა წელს არ გვქონდა ტურების არჩევანი ზამთრის პერიოდში, წელს კი ბევრად მრავალფეროვანი შეთავაზებები გვაქვს, რამაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხელმისაწვდომობის ზრდაც განაპირობა. მაგალითად, წელს ისეთი რეგიონები ავითვისეთ, სადაც მანამდე საცხენოსნო ტურს ვერ ვთავაზობდით და ამ მომხმარებლებს ვკარგავდით.
რაც უფრო ახლოვდება ახალი წელი, მომართვიანობა მით უფრო სტაბილურდება. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები დიდხანს რომ გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, დამაზიანებელი იქნება, თუმცა ამჟამად გაძლებადია. მომდევნო წლის ჯავშნები უკვე გვაქვს და ნელ-ნელა სტაბილურდება ვითარება. მიმდინარე პერიოდში, ტრადიციულად, მომდევნო წლის ზაფხულის სეზონი იჯავშნება, ეს ტენდენცია ახლაც გრძელდება”, – აცხადებს ანა ნადირაძე.
გარდა ამისა, HORSETOURS.GE უცხოურ ბაზარზე, კერძოდ, ს ბაზარზეა წარმოდგენილი, თუმცა როგორც ანა ნადირაძე აღნიშნავს, ამ მიმართულებით კომპანიამ ინტეგრაცია გარკვეული დროით შეაჩერა და აქცენტი ადგილობრივ ბაზარზე გადმოიტანა.
“უცხოურ ბაზრების ათვისებისთვის მიმდინარე ზამთრის სეზონს გამოვიყენებთ და ამ მიმართულებით ისევ გავაქტიურდებით. საქართველოში ძალიან ბევრი საცხენოსნო ტური დაგვემატა და შესაბამისად, მიმდინარე წელს აქცენტს უფრო ადგილობრივ ბაზარზე ვაკეთებდით”, – აღნიშნა მან.
კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ Horsetours.ge-ის მომხმარებლების უმრავლესობა უცხოელია, თუმცა ბოლო პერიოდში, ქართველი მომხმარებლების რაოდენობაც გაიზარდა.
ცნობისთვის,პლატფორმა horsetours.ge საცხენოსნო ტურიზმის განვითარების მიზნით, 2 წლის წინ შეიქმნა.
დარგის გაციფრულებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე სერვისის მიმწოდებლისთვის. სტარტაპის პროექტმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 30 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.