„ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია ენერგეტიკის სექტორში კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს.„ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიებს, განსაკუთრებით რეგიონებში, აკლიათ პროფესიონალები. ზოგადად, ამ სექტორს პროფესიონალები უჭირს. რომ მოგინდეთ კარგი ენერგეტიკისა და ელექტრიკოსის პოვნა ქვეყანაში, ვერ იპოვით იმიტომ, რომ მართლა ვინც კარგი იყო და უცხო ენა იცოდა, ევროპაშია წასული. ჩემი სექტორიდან გამომდინარე ვამბობ – თუ მზის ენერგეტიკაში ვიღაცამ ენა იცის და პროექტის მენეჯმენტი შეუძლია, ევროპაში უკეთეს შემოსავალს იღებს და ასე არის სხვა სფეროებშიც“, – ამის შესახებ თორნიკე დარჯაიამ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა.მისივე თქმით, როდესაც ქვეყანაში ელექტროგადამცემი ქსელების რეაბილიტაციაზე მიდის საუბარი, აუცილებელია, რომ სამუშაოები შესრულდეს ხარისხიანად და ამისთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალი კადრების ყოლა.„ჩემი კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 500 მზის ელექტროსადგურს მართავს ყოველდღიურად და ჩვენ ვხედავთ ჩვენს სისტემაში, რომ ამ 500 სადგურიდან, ყოველდღიურად, 10% არის გათიშული. ეს ნიშნავს იმას, რომ ძაბვა შეუწყდა ამ სადგურს. ჩვენ ხშირად გვგონია ხოლმე, რომ ვიღაცას ელექტროენერგია აქვს, მაგრამ აქვს ძალიან ცუდი ხარისხის იმიტომ, რომ ხანდახან არის დაბალი ძაბვა, ხანდახან არის მაღალი ძაბვა. ანუ, საბოლოო ჯამში, უხარისხო სერვისია“, – აღნიშნა თორნიკე დარჯანიამ.შეგახსენებთ, საქართველოში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით გაიზარდა, კომერციული ტარიფი კი, 5-6 თეთრით.წყარო: ბიზნესპარტნიორი

