„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის ყოფილი „მარჯვენა ხელის“, გიორგი ბაჩიაშვილის დაპატიმრებას და ამბობს, რომ ის სუს-ის „რეკლამირებით“ არის დაკავებული.
„თქვენ გახსოვთ, მანამდე მას [გიორგი ბაჩიაშვილს] ჰქონდა ასეთი ვერისა, რომ იგეგმებოდა მისი მკვლელობა, შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისთვის ამის გადაბრალება“, – თქვა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, CPAC-ის კონფერენციის ფარგლებში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა:
„თუ ეს მართალი იყო და არ იყო ტყუილი, მაშინ თავად უნდა იყოს მოხარული იმით, რომ დღეს არის საქართველოში, უსაფრთხო ადგილას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სათანადო პირობებში“.
მან ეს განაცხადა მას შემდეგ, რაც პროსახელისუფლებო ტელეარხის, „იმედის“ ჟურნალისტმა ჰკითხა:
„გიორგი ბაჩიაშვილსა სასამართლოზე სახელმწიფს მისამართით საკმაოდ მძიმე ბრალდებები გააჟღერა. ის ირწმუნება, რომ თითქოს მოიტაცეს, შემდეგ თვალებახვეული ჩასვეს „აირზენას“ თვითმფრინავში და ასე აღმოჩნდა საქართველოში. რა არის სახელმწიფოს პასუხი ასეთ ბრალდებებზე?“
„რაც შეეხება ბრალდებებს, რომლებიც მოვისმინეთ, ის [ბაჩიაშვილი] არის აშკარად დაკავებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკლამირებით. ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი, ეს არის მისი საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რამდენიმე საათით ადრე, სანამ გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების ამბავი გასაჯაროვდებოდა, გამოცემა „გარდიანში“ გამოქვეყნდა მასთან ინტერვიუ; მიმალვაში მყოფი ბაჩიაშვილი აცხადებდა, რომ ორი ქვეყნის სპეცსამსახურების ცნობით, მისი მკვლელობის ბრძანებაა გაცემული.
იგი ვარაუდობდა, რომ ამის უკან ბიძინა ივანიშვილი არ დგას: „ვშიშობ, ეს [ბრძანება] შეიძლება მოდიოდეს საიდუმლო სამსახურებისგან ან რომელიმე ქვეყნის გარკვეული ძალებისგან, რომელთაც სურთ ივანიშვილის უფრო დასუსტება. თუ მას მკვლელობას „შეტენიან“, მაშინ გაცილებით ნაკლები შანსი იქნება იმისა, რომ ივანიშვილს აშშ-სთან ნორმალური დიალოგი ჰქონდეს“.
—
ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე, „ბიტკოინების საქმეზე“ ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოში იძულებით შემოყვანის დეტალებზე დღეს, 29 მაისს, სასამართლო სხდომაზე ისაუბრა.
მისი ნაამბობი განსხვავდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიისაგან, რომლის თანახმადაც, სამართალდამცავებმა 26 მაისს „ანონიმური შეტყობინებით“ გაიგეს, რომ ძებნილი ბაჩიაშვილი „წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა“.
„შაბათს, 24 მაისს, მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, ორი დღე თვალებახვეული მატარეს, ადვოკატის, პროკურორისა და ოჯახის წევრებთან დალაპარაკების გარეშე. შემდგომ მოტაცებული ჩამტენეს „აირზენას“ ბომბარდირის თვითმფრინავში. ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში“, – განაცხადა მან.
„საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის – ინტერპოლით ძებნა იყო შეჩერებული. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში“, – თქვა მან და მოსამართლეს სთხოვა, მისი მონაყოლის გამო დაიწყოს გამოძიება და გამოხატა მზაობა გამომძიებლებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებაზე.
ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ (the Guardian) ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილის მეგობრები ამბობენ, რომ ის იმყოფებოდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში და ერთ-ერთ სასტუმროში ადგილობრივ ადვოკატს უნდა შეხვედროდა, რა დროსაც დააკავეს.
თავად ბაჩიაშვილსა და მის ადვოკატს დღეს არ დაუსახელებიათ, სად იმყოფებოდა იგი მას შემდეგ, რაც საქართველო დატოვა.
ბორტი, რომელზეც, სავარაუდოდ, ბაჩიაშვილი საუბრობდა, flightradar24-ის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 26 მაისს გაფრინდა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით, ჩაფრინდა დუბაიში და მალევე დაბრუნდა უკან.
რადიო თავისუფლებამ Georgian Airways-ს ჰკითხა, ვისი დაკვეთით შესრულდა ეს ფრენა და ვინ იყო მგზავრი.
„კერძო პირების მიერ ყოველდღე ხდება რეისების დაკვეთა და პერსონალურ მონაცემებს ვერ გავცემთ“, – კომპანიაში არ უპასუხეს კითხვას, ეს კონკრეტული ფრენა სახელმწიფოს დაკვეთით შესრულდა თუ კერძო პირის.
„მე წარმოდგენა არ მაქვს, რა ინფორმაცია მისცეს და გააცნეს სხვა სახელმწიფოს, რასაც მოჰყვა ასეთი მოქმედება ჩემ წინააღმდეგ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დიდ შეცდომაში შეიყვანეს და ჩემი გამოძალვის სპეცოპერაციამ შეიძინა საერთაშორისო მასშტაბები“, – თქვა სასამართლოზე ბაჩიაშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილმა ამავე ინტერვიუში ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის პიროვნების შესახებ:
„რაღაცას თუ არ ფლობს, ისე ვერ შეიყვარებს. ეს არის მისი მსოფლმხედველობა“, – თქვა ბაჩიაშვილმა, როდესაც საუბრობდა ივანიშვილის ექსტრაორდინარულ ჰობებზე, ზებრების, ფარშევანგების და სხვა ეგზოტიკური ცხოველების კოლექციაზე; ასევე – მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ასწლოვანი ხეების საქართველოში გადმორგვაზე.
მან განაცხადა, რომ ივანიშვილი ხეებს სასიცოცხლო ენერგიის წყაროდ მიიჩნევს. „ის შეპყრობილი იყო საკუთარი მოკვდაობით“, – გამოცემის თანახმად, თქვა ბაჩიაშვილმა.
„იგი ატარებს უამრავ ექსპერიმენტულ, გიჟურ პროცედურას, როგორიცაა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და ეს „ვუდუ“ რაღაცები [ცრურწმენები]. ერთი ასეთი „ვუდუ ოსტატი“, იულია კრუშანოვა, მასთან ცხოვრობს“, – თქვა მან.
ფორუმი
