2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები დაახლოებით $630 მილიონით შემცირდა, ერთი წლის ვადაში კი – ერთი მილიარდი დოლარით.
ფინანსისტს ნიკოლოზ შურღაიას თქმით, ბოლო ხუთ წელიწადში რეზერვები მხოლოდ 15%-ით არის გაზრდილი, რაც არასაკმარისია.
„5 წლის წინ, 2019 წლის ოქტომბერში, საქართველოს საერთაშორისო რეზერვები იყო 3,2 მილიარდი ლარი, ახლა არის- 3,6-3,8 მილიარდი ლარი. ამასთან, ფულის მასა (M2 პარამეტრი) გაიზარდა 11 მილიარდიდან 27 მილიარდ ლარამდე, ეს ძალიან დიდი დიდი ზრდაა. რეზერვებიც თითქმის იგივეა, მხოლოდ 15%-იანი ზრდა გვაქვს. ლარიზაციის მაჩვენებელი დაახლოებით 50%-ია, ისტორიულად იყო ხოლმე 65%-70%; ანუ, ისტორიულად ჩვენს საზოგადოებას ლარისადმი მყარი და სერიოზული განწყობა აქვს. ეს განწყობა თუ შეიცვლება, ამ კონვერტაციას რეზერვები ვერ გაუძლებს კი არა, ნამცეცები არ დარჩება. იმ ოქროს ტრანსპორტირება და გაყიდვა მოუხდებათ, მაგრამ, ალბათ იქამდე დაყრიან ფარ-ხმალს.
მე რამდენიმე დევალვაცია მაქვს ნანახი, ავტორიტარული ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველები ბოლო წუთამდე იძახიან, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგალითად 2010 წელს ბელორუსიაში პრაკოპოვიჩი იყო ასეთი მმართველი. სანამ ეს დაწოლა დაიწყებოდა დოლართან ბელოროსული რუბლი იყო 3000 და უცებ, ერთ დღეში 9000 გახდა“,- თქვა ნიკოლოზ შურღაიამ „მთავარი არხის“ ეთერში.
ცნობისთვის, დევალვაცია არის ეროვნული ვალუტის ღირებულების შემცირება სხვა ქვეყნის ვალუტის მიმართ, როდესაც ეს სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნური ჩარევით ხდება. როდესაც მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობა ოქროს რაოდენობასთან იყო მიბმული, დევალვაცია ნიშნავდა ოქროს მიმართ ფულის გაუფასურებას (მეტი ფული გჭირდებოდა 1 გრამი ოქროს საყიდლად). დღეს კი დევალვაცია რომელიმე საერთაშორისო ვალუტის მიმართ გაცვლითი კურსის ზრდაა, რასაც ძირითადად ცენტრალური ან ეროვნული ბანკები ახორციელებენ. მაგალითად, თუ 1 დოლარი ღირდა 2.6 ლარი და მთავრობის მხრიდან ხელოვნური ჩარევით გახდა 2.8, ეს არის ვალუტის დევალვაცია.