აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-სა და ირანს შორის 12 აპრილს უმაღლესი დონის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ ოფისში, ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“ჩვენ გვაქვს პირდაპირი საუბრები ირანთან. შაბათს გვაქვს ძალიან დიდი შეხვედრა და ვნახავთ, რა შეიძლება გაკეთდეს. […] ვფიქრობ, ყველა თანხმდება, რომ შეთანხმების მიღწევა სასურველი იქნება” – ამბობს ტრამპი.
ტრამპმა არ ისურვა დაკონკრეტება, თუ სად შეხვდებიან მხარეები ერთმანეთს.
NBC News-ის ინფორმაციით, 30 მარტს, მათთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს დაბომბვით დაემუქრა, თუკი ისინი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებას არ დადებენ.
“თუ ისინი [ირანი] შეთანხმებას არ დადებენ, დაბომბვა იქნება და ისეთი სახის დაბომბვა იქნება, როგორიც არასდროს უნახავთ”. – ციტირებს ტრამპს NBC News-ის წამყვანი კრისტენ უელკერი.
7 მარტს დონალდ ტრამპმა Fox Business Network-თან ინტერვიუში თქვა, რომ ირანთან ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება სურდა და დაამატა, რომ წინა დღით ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, წერილი გაუგზავნა, რომელშიც მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით იმედს გამოთქვამდა.
ვრცლად: tabula.ge