ხლო აღმოსავლეთში დაძაბულობა ახალ საფეხურზე გადადის. ირანისა და შეერთებული შტატების ურთიერთობა, რომელიც წლებია ბირთვული პროგრამის, სანქციებისა და რეგიონული გავლენისთვის ბრძოლით არის დამძიმებული, დღეს უკვე სამხედრო ესკალაციის რეალურ რისკს შეიცავს. პარალელურად, პროცესში სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება ისრაელის როლი, რომელიც ირანის ბირთვულ გაძლიერებას დიდ საფრთხედ აღიქვამს და მოქმედების თავისუფლებას იტოვებს.
ბოლო კვირებში ვაშინგტონმა რეგიონში მნიშვნელოვნად გააძლიერა სამხედრო ყოფნა. სპარსეთის ყურესა და არაბეთის ზღვაში ოპერირებენ ავიამზიდების დამრტყმელი ჯგუფები, რომელთა შემადგენლობაში შედის ავიამზიდი, მართვადი რაკეტების გამანადგურებლები და კრეისერები. მათ გვერდით მოქმედებენ საზღვაო ქვეითთა დანაყოფები და ამფიბიური სადესანტო გემები. რეგიონულ ბაზებზე, განსაკუთრებით კატარში, ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გაძლიერებულია საჰაერო კომპონენტი: განთავსებულია სტრატეგიული ბომბდამშენები (B-52 ტიპის), გამანადგურებლები F-15/F-16, საჰაერო თავდაცვის სისტემები Patriot და THAAD. საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს გაარჩიოს, ვდგავართ თუ არა მორიგი “მართვადი კრიზისის” წინაშე, თუ მოვლენები შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს შეიარაღებულ კონფლიქტში, რომლის შედეგებიც მხოლოდ ახლო აღმოსავლეთს არ შეეხება. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კითხვა: რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ირან-აშშ-ის შესაძლო კონფლიქტს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოზე? იქნება ეს ეკონომიკური შოკი, უსაფრთხოების გარემოს ცვლილება თუ გეოპოლიტიკური ზეწოლის ახალი ფორმები, მოვლენების განვითარება რეგიონს გვერდს ვერ აუვლის.
ჩვენი რუბრიკის სტუმარია აღმოსავლეთმცოდნე, ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი, რომელთან ერთადაც განვიხილავთ ირანში პროცესების განვითარების შესაძლო სცენარებს და შევეცდებით ვუპასუხოთ კითხვას, რა რისკებსა და გამოწვევებს აჩენს ეს ყველაფერი საქართველოსთვის?
– ალბათობა იმისა, რომ მართლაც დაიწყოს სამხედრო კონფლიქტი აშშ-სა და ირანს შორის, საკმაოდ მაღალია. თუ ვითარებას შევაფასებთ, ამერიკამ სამხედრო ნაწილები და ტექნიკა გადაისროლა რეგიონში და კიდევ აგრძელებს. მათი კონცენტრაცია უკვე ძალიან მაღალია და შეიძლება ითქვას, ბრძანების შემთხვევაში ირანზე შეტევა დაუყოვნებლივ დაიწყება.
პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა, რაც აქამდე მოვისმინეთ, იძლევა საფუძველს ვთქვათ, რომ ეს პროცესი წარუმატებელია. საქმე ის არის, რომ მხარეებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პოზიციები აქვთ: აშშ მოითხოვს ირანისგან ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას და ახლო აღმოსავლეთში ე.წ. პროქსიჯგუფების – “ჰეზბოლას”, “ჰამასის”, ჰუსიტებისა და სხვათა დაფინანსების შეწყვეტას. ირანი ამ პირობებს არ თანხმდება, რადგან მიაჩნია, რომ ეს კაპიტულაციად შეფასდება და შესაძლოა რეჟიმის დამხობაც გამოიწვიოს.
აშშ ზრდის სამხედრო ზეწოლას ირანზე და ისრაელიც ემზადება შესაძლო სამხედრო მოქმედებებისთვის. ირანის წარმომადგენლებმა უკვე გააკეთეს განცხადებები, რომ შეტევის შემთხვევაში ირანი შეეცდება საპასუხო სამხედრო დარტყმები მიაყენოს არა მხოლოდ ისრაელს, არამედ რეგიონში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს და იმ არაბულ ქვეყნებს, რომლებმაც შესაძლოა საჰაერო სივრცე დაუთმონ აშშ-ს ან სხვა სახის დახმარება აღმოუჩინონ.
არ არის გამორიცხული, ირანმა იერიში მიიტანოს ამ ქვეყნების ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზეც მათი ეკონომიკური დაზარალებისა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის გაზრდის მიზნით.
– მსოფლიო მედია არაერთ სცენარს განიხილავს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სამხედრო კონფლიქტი, თუ ის მართლაც დაიწყო. აშშ-ში აცხადებენ, რომ ეს შესაძლოა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. თქვენი აზრით, რამდენად მასშტაბური და გრძელვადიანი დაპირისპირება შეიძლება მივიღოთ?
– სამხედრო თვალსაზრისით, პროცესების განვითარების შესაძლო სცენარზე თუ ვისაუბრებთ, უპირველესად ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურება იქნება საჭირო. გასული წლის ირან-ისრაელის 12-დღიანი დაპირისპირების დროს მათი ნაწილი განადგურდა, თუმცა დაახლოებით 15% რუსეთისა და ჩინეთის დახმარებით აღადგინეს. სავარაუდოდ, პირველ სამიზნედ სწორედ ეს აღდგენილი სისტემები იქცევა. ამის შემდეგ სამიზნეში შეიძლება ამოღებულ იქნეს ირანის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ასევე ის ბაზები, სადაც განთავსებულია ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის რეგიონში აშშ-ის ბაზებსა და მის მოკავშირეებს.
ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას ირანის ნავთობგადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის განადგურება, რადგან აშშ-შიც და ისრაელშიც ფიქრობენ, რომ რეჟიმის შეცვლის შემთხვევაში ირანს ეკონომიკური აღდგენა დასჭირდება, თუმცა პროცესების გაჭიანურების შემთხვევაში ეს მიდგომა შესაძლოა შეიცვალოს.




