“არ აქვს მნიშვნელობა მოკლეს თუ თავი მოიკლა, ორივე შემთხვევაში ფაქტია, რომ ამ რეჟიმმა შეიწირა ეს კაცი” – ასე ეხმაურება სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე გლდანის ციხის ყოფილი ხელმძღვანელის გარდაცვალებას.
პატიმრობაში მყოფი სტუდენტი დარწმუნებულია, რომ ციხის ყოფილ უფროსს გიორგი ბაჩიაშვილისთვის გაფრთხილება დაავალეს, შემდეგ შევიწროვება დაუწყეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.
კიკნაძე იხსენებს, რომ პატიმრები ციხის ყოფილ უფროსს ხშირად ეკითხებოდნენ, ხო არ იყო მასზე ზეწოლა იმის გამოც, რომ გოგობერიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა.
ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს, კიკნაძის მტკიცებით, გლდანის ციხის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვეფხია კასრაძეს უთხრა – “თუ ზეწოლა დამიწყეს, იცოდე მე აქ აღარ ვიქნებიო”.
რა უცნაური ყოფილა, როცა ადამიანი რამდენიმე თვის წინ გყავს ნანახი და იგებ,რომ ცოცხალი აღარაა.არ აქვს მნიშვნელობა მოკლეს თუ თავი მოიკლა,ორივე შემთხვევაში ფაქტია,რომ ამ რეჟიმმა შეიწირა ეს კაცი.
კარცერში რაც უმიზეზოდ ჩამიყვანეს,იმის მერე ვამბობდი-მორჩა ციხის დირექტორი ჩემთვის აღარ არსებობსთქო. ბაჩიაშვილის ამბების შემდეგაც ბუნებრივია იგივე დამოკიდებულება მქონდა მისადმი და ახლა თითქოს ვნანობ და გულით დარდით გევსებაო ეგეთი გრძნობა მაქვს.
არადა იმ კარცერის ამბებამდე საკმაოდ კარგად ვიყავით ბატონ დავით გოგობერიშვილთან.ერთ ვოისში ნათქვამიც მაქვს ახალი ტელევიზორი გვაჩუქა თქო.საკმაოდ ხშირად გვნახულობდა და კითხულობდა ჩვენს ამბებს.
სიგარეტის ჩუქება იცოდა ყოველნახვაზე და თან აშკარად ეტყობოდა,რომ ყველა ჩვენი სიტყვით გამოსვლა ნანახი ჰქონდა და თავად გვახსენებდა ციტატებს.
აი მაგალითად კლონების ნაწილი მოსწონდა ჩემი სფიჩიდან და ყოველი შეხვედრისას სიცილით მეკითხებოდა-ჰა აბა მერამდენე კლონზე ხარ ასულიო. მეც სიცილით ვპასუხობდი-ახლა აქ,რომ ვარ ჩემი ერთ-ერთი კლონი ციხიდან გაქცევის გზებს ეძებს და ფრთხილად იყავი თქო.
ორი აზრი არ არის,რომ ბაჩიაშვილისთვისაც დაავალეს იმის თქმა, რაც უთხრა და მერეც ისეთი შევიწროვება დაუწყეს,თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.
ადრე ვეფხია ყოველ ნახვაზე ეუბნებოდა,რომ სინდისის პატიმრებთან რომ კარგი დამოკიდებულება გაქვს, მაგის გამო თუ გაგსვარეს ან ზეწოლა დაგიწყეს, მაშინვე მითხარიო. თუ ზეწოლა დამიწყეს იცოდე მე აქ აღარ ვიქნებიო ესე პასუხობდა.
და ის აქ აღარ არის…”- წერს რეზო კიკნაძე.
N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი დავით გოგობერიშვილი, რომელმაც თანამდებობა “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემის ფაქტის გახმაურების შემდეგ დატოვა, გარდაცვლილი იპოვეს.
დავით გოგობერიშვილის ცხედარი, თბილისში, წყატუბოს ქუჩაზე, გლდანის ციხის ყოფილი უფროსის კუთვნილ ავტოფარეხში იპოვეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა მანამდე გასროლის ხმა გაიგეს. გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.