თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, უნდა გასამართლდეს – კობახიძე მაჭარაშვილის განცხადებაზე

თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, უნდა გასამართლდეს, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას შეეხებოდა.
პრემიერის თქმით, საქართველოში სამართალი უნდა აღსრულდეს შესაბამისი პროცედურების მიხედვით.
„საქართველოში სამართალი უნდა აღსრულდეს შესაბამისი პროცედურების მიხედვით, მე არ ვარ სამართალდამცავი უწყება, აქედან გამომდინარე, გამიჭირდება პასუხის გაცემა. თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, უნდა გასამართლდეს. ეს არის ზოგადი პასუხი,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, ხალხის ძალის ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც რუსული კანონის გაპროტესტებას აგრძელებს, ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს.
მაჭარაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ქვეყანაში მდგომარეობა უკვე დამშვიდდა, “პროტესტის მოტყუებული მონაწილეები კი სახლებში, უნივერსიტეტებსა და სამსახურებში დაბრუნდნენ”. მისი თქმით, არ ჩერდებიან მხოლოდ “ჯაშუშური ქსელის წარმომადგენლები საქართველოში”.
ამიტომ, დეპუტატის თქმით, ჯაშუშობის ბრალდებით უნდა გასამართლდეს უკლებლივ ყველა, ვინც კანონის მიღებას კვლავ აპროტესტებს. მათი გასამართლება, დეპუტატისთვის, “ეგზისტენციალური საკითხია”.
“ასევე, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, ცდილობს ფსიქოლოგიურ ძალადობას კანონის მიმღებთა და მხარდამჭერთა, აგრეთვე მათი მშობლების, შვილების და სხვა ოჯახის წევრების მიმართ.ვფიქრობ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ამგვარი სასამართლო პროცესის გამართვას ალტერნატივა არ აქვს, ქართველი ხალხი იმსახურებს, ბოლოს და ბოლოს, იცოდეს იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც არ ასვენებს ამ ქვეყანას, ვინც ემსახურება არა საკუთარ სამშობლოს, არამედ უცხო ქვეყნის ამოცანებს, ვინც ცდილობს საქართველო გახვიოს არეულობაში და ომის უბედურებაში. სასამართლო პროცესები კი უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პროცესად, რომ მომავალში ჯაშუშობაზე ხელის მოწერის ცდუნება აღარასოდეს აღარავის გაუჩნდეს”, — წერია მაჭარაშვილის განცხადებაში.