სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ს გენერალური მენეჯერის ელენე ოთარაშვილის აზრით, საქართველოსთვის ევროპული ოჯახის წევრობა ეგზისტენციალური საკითხია და ევროინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს.
„ამ საკითხის დაყენებაც კი უხერხულად მიმაჩნია“, – ასე უპასუხა ჰოტელიერმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რომელიც ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საფრთხეს შეეხებოდა.
ელენე ოთარაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპა არის საქართველოს განვითარების ერთადერთი გზა და თუ უვიზო რეჟიმი გაუქმდა, მას ძალიან ნეგატიური შედეგი მოჰყვება.
„ევროპულ ოჯახში ყოფნა არის ჩვენი იდენტობა, მომავალი და საფუძველი იმ განვითარების, რაც უნდა გვქონდეს ყველა სფეროში. შესაბამისად, ამ საკითხის დაყენებაც კი, უხერხულად მიმაჩნია; ვფიქრობ, თუ ვიზალიბერალიზაცია შეგვეზღუდა, ამას ძალიან ნეგატიური შედეგი ექნება. ეს საკითხი არ დადის მხოლოდ იქამდე, რომ ჩვენ დაგვჭირდება ვიზების აღება და ვიზის რიგში დგომა, რომ წავიდეთ ევროპაში. ეს მოგვიტანს ბევრად ცუდ და დიდ დისკომფორტს, რაც გამოიხატება იმაში, რომ შეილახება ის რეპუტაცია, საერთაშორისო იმიჯი, რასაც ამდენი წელია ვაშენებდით.
შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა გახდება ნაკლებად მიმზიდველი ტურისტებისთვის და ინვესტორებისთვის და ეს იმ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტის ხანაში გადავედით და მაქსიმალურად გვჭირდება ციფრულ ტექნოლოგიებთან ინტეგრაცია, ტრანსფორმაცია და ახალი ინვესტიციების მოზიდვა განვითარებისთვის… და ამ დროს ასეთი საკითხის წინაშე დავდექით. რა თქმა უნდა, ევროპა. ეს არის განვითარების ერთადერთი გზა“, – თქვა ელენე ოთარაშვილმა.
“წერტილთან” ინტერვიუში Golden Tulip Design Tbilisi-ის გენერალურ მენეჯერმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ტურიზმში, კერძოდ, სასტუმროების სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე.
