ვიზალიბერალიზაციის გაუქმება მძიმედ აისახება, როგორც ტურიზმის სექტორზე ზოგადად, ისე მასზე დამოკიდებულ კონკრეტულ ბიზნესებზე; განსაკუთრებით დაზარალდებიან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, ჰორეკა სექტორი და ის ქალაქები, რომელთა ეკონომიკაც ტურისტულ ნაკადებზეა დაფუძნებული,- ამის შესახებ ბიზნესმენმა, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ დირექტორმა, რესან ქიქავამ ,,კომერსანტთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, სავიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, შესაძლოა საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა ვიზებზე თანხმობა, კვლავინდებურად ვეღარ მიიღონ.
„ზოგადად, ეკონომიკა და ბიზნესი განწყოებზეა აგებული და როდესაც ნებისმიერი სახის ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდება ან გადაწყვეტილება მიიღება, ბუნებრივია ამას მომხმარებლებზე გავლენა აქვს. აღსანიშნავია ის უარყოფითი გავლენა, რაც ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას მოჰყვება მოქალაქეებისთვის და ასევე ბიზნესებისთვისაც.
მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, რომლებიც ორივე ტიპის ტურიზმით – როგორც შემომყვანი, ისე გამყვანი ტურისტებით არიან დაინტერესებული. ცხადია, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმება, ჩვენი ქვეყნიდან გასული ტურისტების რაოდენობაზე ნეგატიურად აისახება.
ასე რომ, ტურისტების რაოდენობის შემცირება, პირველ რიგში, გავლენას იქონიებს ავიარეისების შემცირებაზე და უკვე შემდეგ მთლიანად სექტორზე. ვფიქრობ, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის შესაძლოა საქართველოს მიმართულებით ფრენა ხელსაყრელი აღარ იქნება, რის შედეგადაც ქვეყანა ბევრ ტურისტს დაკარგავს. ტურიზმის ბიზნესი, ჰორეკას სექტორი თუ დაზარალდება, ეს გამოიწვევს მომიჯნავე სფეროების ზარალსაც; ასევე ეს გამოიწვევს ტურიზმით მოსაზრდოვე ქალაქების ეკონომიკურ დასუსტებას.
ასევე აღსანიშნავია ბიზნესს პროცესების დროში გაწელვაც, ასევე ფულადი გზავნილების შემცირებაც. ვიზების პროცედურებიდან გამომდინარე, იქნება შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ვიზაზე წვდომას საერთოდ ვერ მიიღებენ, როგორც ეს ადრე იყო, რაც ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს“,- აღნიშნა რესან ქიქავამ.
