“თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ღირსების ორდენი ეკუთვნით ავტორებს” – კობახიძე ბაჩიაშვილის გატაცების ვერსიაზე

“ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი, ეხმაურება ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას, რომ ის საზღვარგარეთიდან [ქვეყანას არ აკონკრეტებს] ს მითითებით გაიტაცეს.
არც ადასტურებს და არც უარყოფს ბაჩიაშვილის მონაყოლს. ის მხოლოდ თეორიულად მსჯელობს და ამბობს “მოსადსაც კი შეშურდებოდა ასეთი ოპერაციის ჩატარება”. თუმცა, იმ დაშვების შემთხვევაში, თუ ბაჩიაშვილის მონაყოლი ნამდვილია, კობახიძის შეფასებით, ამ ოპერაციის ავტორებს ღირსების ორდენები ეკუთვნით.
“თეორიულადაც რომ წარმოვიდგინოთ ასეთი ოპერაცია, ის არის კანონის ფარგლებში. როდესაც ადამიანს აქვს 11 წელი შეფარდებული და მას ოპერაციის საფუძველზე აკავებენ, აღასრულებენ კანონს, ეს არის თავიდან ბოლომდე კანონიერი. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, არ ვიცი, ამ შემთხვევაში არა მარტო კომპლიმენტები, არამედ ღირსების ორდენიც ეკუთვნით შესაბამისი ოპერაციის ავტორებს. “[…] აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა სასწაული ოპერაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და დამნაშავე, რომელსაც შეფარდებული ჰქონდა სასჯელი მძიმე დანაშაულისთვის, ოპერაციის საფუძველზე ჩამოიყვანა საქართველოში. ასეთი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ინატროს სუს-მა, მოსადსაც კი შეშურდებოდა ასეთი ოპერაციის ჩატარება”, – განაცხადა კობახიძემ.
29 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე, გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ ის გაიტაცეს და საქართველოში “ჯორჯიან ეარვეისის” თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. მან მომხდარს “საერთაშორისო დანაშაული” უწოდა და ამაში “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა. მან მოითხოვა გამოძიების დაწყება.
“საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის. ინტერპოლის ძებნა იყო შეჩერებული ჩემი ადვოკატების მიმართვის შედეგად. ინტერპოლს არ გაუჭირდა, რამდენიმე დღეში დაედგინა, რომ ჩემი სისხლისსამართლებრივი დევნა არის სრულიად პოლიტიკური. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში, რითაც დაარღვიეს არა მარტო ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია, არამედ საერთაშორისო სამართლის უამრავი ნორმა. იმ ქვეყნის უამრავი ნორმაც, რომელშიც მე ვიმყოფებოდი”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელი, ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც დაახლოებით სამი თვის წინ გაიქცა ქვეყნიდან, 26 მაისს დააკავეს.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 26 მაისს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბაჩიაშვილი წითელ ხიდსა და სადახლოს შორის, ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთზე გადაადგილდებოდა.
ბაჩიაშვილმა საქართველო მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში დატოვა. იმ პერიოდში ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. ორივე შემთხვევაში მას “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უჩიოდა. ორივე საქმეზე ბაჩიაშვილი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.
ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა, ამჯერად – საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. პატიმრობა შეუფარდეს იმ ადამიანსაც, ვინც მას საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარა.
ძებნილობის პერიოდში გადაწყვეტილება გამოცხადდა ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე ერთ-ერთ საქმეზე – მას 11 წლით პატიმრობა განესაზღვრა. ამის შემდეგ, იმავე, ე.წ. ბიტკოინების საქმის ირგვლივ ივანიშვილმა მის წინააღმდეგ სამოქალაქო დავა დაიწყო. ეს საქმე საქალაქო სასამართლომ დაჩქარებული წესით განიხილა და ბაჩიაშვილს ივანიშვილისთვის 9 000 ბიტკოინის ღირებულების თანხის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილების მიღებისას ეს თანხა დაახლოებით 850 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ როგორც მან, ისე მისმა ადვოკატმა არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია მისი შესაძლო მკვლელობის შესახებ.