„თუ ევროპიდან ტურისტების შემოდინება არ იქნება, გალფის ქვეყნებიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან იქნება,“ – ამის შესახებ „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებელმა და „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა კელაურაძემ „ბიზნესპრესნიუსთან” განაცხადა.
მისი თქმით, თუ ქვეყანაში არსებული ვითარება დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა გაყიდვები შემცირდეს, ევროპელ ტურისტებს კი მეზობლები და გალფის ქვეყნებიდან წამოსული ტურისტები ჩაანაცვლებენ.
„თუ ჩვენთან გაგრძელდა, რაც დღეს ხდება თბილისში, ბუნებრივია, რომ გარკვეული სკეპტიციზმი იქნება და შესაძლოა გაყიდვები შემცირდეს. თუმცა, თუ ევროპიდან ტურისტების შემოდინება არ იქნება, გალფის ქვეყნებიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან იქნება. მათთვის ის, რაც ჩვენთან ხდება, აბსოლუტურად არ არის აქტუალური და უცხო. ჯერ ალბათ, იქ საერთოდ არ ან ნაკლებად შუქდება და მეორე, ამ ყველაფერს სხვანაირად უყურებენ, მიჩვეულები არიან ასეთ რამეს. პლუს, ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის ეს ნამდვილად არ არის შემაკავებელი ფაქტორი.
უბრალოდ, რისკენაც ვისწრაფვით, რომ მაღალმხარჯველუნარიანი ევროპელი და ამერიკელი ტურისტები გვყავდეს, შეიძლება ამ მიმართულებით გვქონდეს ვარდნა. რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ალბათ დაბალანსდება სხვა ქვეყნებიდან. მითუმეტეს, რომ ჩინეთიდან პირდაპირი რეისები დაემატა, ინდოეთიდან და გალფის ქვეყნებიდან ისედაც დაფრინავენ.
პირადად მე, ამ მიმართულებით არ ვმუშაობ. მყავს ევროპელი ტურისტები. ამიტომ, ჩემთვის შექმნილი სიტუაცია რა თქმა უნდა, პრობლემურია, თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი გაყიდვები შეიძლება შემცირდეს,“ – განაცხადა მამუკა კელაურაძემ.
შეგახსენებთ, რომ უკვე 29 დღეა საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. ასევე კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, “ქართული ოცნების” გუნდი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესს არ დაიწყებს.