აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
ცივილიზაციის ისტორიაში სამხედრო ძლიერება ქმნიდა რეალობას, რომელშიც შემდეგ მოღვაწეობდნენ ინტელექტუალები. ინტელექტუალები ვერ ქმნიან რეალობას, რადგან მათ დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლიათ. ეს უნივერსალური ფორმულა არც დღეს შეცვლილა და სწორედ ამ ფორმულის უგულებელყოფით გამოწვეულ კრიზისს ვაკვირდებოდით მიუნხენში ამ დღეებში, სადაც ოჰაიოელმა „ჰილბილიმ“ გაუთლელი პირდაპირობით შეახსენა ეს ელემენტარული ჭეშმარიტება ევროპელ „არისტოკრატებს“, რომელთა გაიმპოტენტებული, სუპერ-რაფინირებული პოლიტიკური ტრადიციები უკვე აღარ დგას კლასიკურ ევროპულ სამხედრო ძლიერებაზე.
გავა წლები და ისტორია სათანადოდ შეაფასებს ამ დიდი გამოფხიზლების მომენტს; ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ევროპა მოახერხებს „ჰილბილის“ მესიჯის სწორად გაშიფვრას და უნივერსალურ ფორმულას გაიხსენებს. არ იქნება სამხედრო ძლიერება, არ იქნება მშვიდობა!
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ომით გალახული ევროპა ამერიკის „გაფუჭებულ“ შვილად გადაიქცა და მის მიერ შექმნილ სამხედრო რეალობაში ნებივრობდა. დღეს კი ამერიკამ გამოსაფხიზლებელი სილა გააწნა ბედოვლათ „შვილს“; საკუთარი თავის თავად მიხედვა მოსთხოვა. გონიერნი ამ პროცესს ასე შეხედავენ, უგუნურნი კი „ჰილბილიზე“ გაბრაზდებიან.
ამერიკას ფიზიკურად აღარ შეუძლია ჩინურ-რუსული ანტი-ცივილიზაციის მარტო გამკლავება. მას რეალური მოკავშირე სჭირდება. თუ ევროპა ამას არ გაიაზრებს, მაშინ ამერიკას დაზავება მოუწევს ანტი-ცივილიზაციასთან, რათა დრო მოიგოს.
დიდ ბრიტანეთს, მსოფლიოს უძველეს და ერთ დროს უძლიერეს სამხედრო-საზღვაო სახელმწიფოს დღეს უფრო მეტი ადმირალი ჰყავს, ვიდრე საბრძოლო ხომალდი. თავად ამერიკა ხომლდების რაოდენობით უკვე ჩამორჩება ჩინეთს. დღეისათვის ჩინეთს 200-ჯერ უფრო სწრაფად შეუძლია ახალი საბრძოლო ხომალდის აგება ამერიკასთან შედარებით; დიდი ბრიტანეთი კი საერთოდ ვერ გაუწევს კონკურენციას. და ეს მხოლოდ ფლოტს ეხება; ჩვეულებრივი, კონვენციური საარტილერიო ჭურვების წარმოების პოტენციალით მთელი დასავლური სამყარო ერთად ჩამორჩება რუსეთს. ესეც უკვე ვიხილეთ.
ახლა გავიაზროთ ეს რეალობა, დავფიქრდეთ და მერე ვიმსჯელოთ, ეს უფრო მნიშვნელოვანია, თუ ოჰაიოელი „ჰილბილის“ მკვახე მოხსენება მიუნხენში, რომელმაც შეურაცხყო „თეთრხელთათმანიანი“ ევროპელი „არისტოკრატების“ სუპერ-რაფინირებული პოლიტიკურ-დიპლომატიური თავმოყვარეობა.
ის ფორმულა საქართველოსთვისაც უნივერსალურია. ინტელექტუალები ვერც საქართველოში ქმნიდნენ და შექმნიან რეალობას. ეს რეალობა ფიზიკურმა ძლიერებამ უნდა შექმნას და დაიცვას, რათა შემდეგ ინტელექტს გაფურჩქვნის საშუალება მიეცეს. ამიტომ მოსპო თავის დროზე რუსეთის იმპერიამ ქართული სამხედრო კასტა და ამიტომ გააკეთა ყველაფერი ფსბ-მ იმისათვის, რომ 2008 წლის სამამულო ომი გაეშარჟებინა. დღეს საქართველოს ეროვნული სამხედრო კასტა არ გააჩნია და შედეგიც სახეზეა. „იმპოტენტი“ ინტელექტუალები ვერ ქმნიან ამინდს; მხოლოდ “კრუსუნებენ” და რეალობის გააზრების ნაცვლად, ამერიკელი “ჰილბილის“ მესიჯს ისე აპროტესტებენ, თითქოს ევროპელი „არისტოკრატების“ განუყოფელ ნაწილს მართლა წარმოადგენდნენ.
უკრაინა არის დღეს ჩვენი ერთადერთი იმედი. თუ უკრაინამ მოახერხა ევროპის სამხედრო ბირთვის როლის მორგება, მაშინ საქართველოსაც ექნება შანსი თავისი ეროვნული სამხედრო კასტის აღდგენის.
არ იქნება სამხედრო ძლიერება, არ იქნება მშვიდობა! არავინ მოგატყუოთ უჯარისკაცო მშვიდობის არსებობაში. ასეთი რამ ადამიანთა სამყაროში არ არსებობს.
