თუ დანაზოგს ისე ვერ განვკარგავ, როგორც მე მიმაჩნია სწორად, ყველა ვარიანტში დაზარალებული გამოვდივარ – ამირან კაპანაძე საპენსიო სისტემის ხარვეზებზე

მიმდინარე წლის თებერვლის მდგომარეობით საპენსიო სააგენტოს ფონდის მოცულობა 4 622 000 000 ლარს შეადგენს, არსებული მდგომარეობით, მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების ფაქტობრივად 99% დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელშია განთავსებული. რა გამოწვევებია საპენსიო სააგენტოში და რამდენად საჭიროა მისი არსებობა – თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ეკონომისტმა ამირან კაპანაძემ ისაუბრა.
მისი თქმით დღევანდელი პენსია უფრო სოციალური დახმარებაა, ვიდრე ადამიანის მიერ გაწეული შრომის ადეკვატური დანაზოგი.
„ადრე თუ გვიან მისახედი იყო ის თემა, რომ გვქონოდა დაგროვებითი პენსია, რაიმე ტიპის სქემა, რომელიც მოგვცემდა საშუალებას, რომ რაღაცნაირად იმის ადეკვატური ყოფილიყო დანაზოგები, თუ რა შრომა გავწიეთ და რა შემოსავლები გვქონდა ჩვენი შრომითი კარიერის განმავლობაში,”- განაცხადა ამირან კაპანაძემ.
მისი თქმით, საპენსიო სექტორში ადმინისტრირების პროცესი საკმაოდ დიდხანს გაიწელა.
„მენეჯერებიც იქირავეს, რომლებმაც ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ მიიღეს და უამრავ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, სანამ მათ რაღაც ელემენტარული გადაწყვეტილებები მიიღეს და ამ ფულის დაბანდებები სადღაც საინვესტიციო პორტფელებში დაიწყეს. ამ ინვესტიციების უმეტესი ნაწილი, რომელსაც ეძახიან ე.წ. სადეპოზიტო სერტიფიკატებს, დღესაც ქართულ ბანკებში მიდის, აქ მიემართება ჩვენი დანაზოგების 57%.
უნდა განვიხილოთ მეორე მომენტიც, როცა გვეუბნებიან რომ ყველაზე მაღალ რისკიან პორტფელში ამონაგები არის დაახლოებით 4,1% და ამ დროს ჩვეულებრივ კერძო მოქალაქე რომ გავიდეს და იგივე პროდუქტი იყიდოს ბანკისგან, წლიური საპროცენტო განაკვეთი არის 11%, ანუ ახლოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთთან და გამოდის, რომ ვითომ ყველაზე მაღალ რისკიან პორტფელში სამჯერ უფრო ნაკლებ რისკს ვწევთ, ვიდრე ეროვნული ბანკი წევს რისკებს, როდესაც გასცემს სესხებს კომერციულ ბანკებზე. ეს პერსპექტივაში ნიშნავს იმას, რომ არც ისე დიდ დანაზოგებს უნდა ველოდოთ,“ – აღნიშნა ამირან კაპანაძემ.
ამირან კაპანაძემ დანაზოგების სამომავლო სცენარებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც თუ რამდენად დაიკლებს ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარი.
„პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე, ვცადე პატარა ოპტიმისტური სცენარი განმეხილა, წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანს მედიანურ ხელფასზე 3-ჯერ მეტი შემოსავალი ჰქონდეს და 30 წელიწადში უწევდეს პენსიაზე გასვლა. დანაზოგი გამოდის დაახლოებით 600 000 ლარი. თუმცა 30 წელწადში არ უნდა იგულისხმოთ, რომ ამ 600 000 ლარს იგივე მსყიდველობითი უნარი ექნება რაც დღეს, ყველაზე ოპტიმისტური სცენარით მისი მსყიდველობითი უნარი იქნება 25%. ანუ 30 წლის მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ გექნებათ 150 000 ლარის ეკვივალენტი დანაზოგი. თუმცა ამას ერთდროულად არ მოგცემენ და გადაგინაწილებენ და მოგცემენ როგორც პენსიას ყოველთვიურად და დაახლოებით ეს არის 6000 ლარი, თუმცა დღევანდელთან შედარებით მსყიდველუნარიანობით გამოდის 1500 ლარი, რომელიც არის იგივე ეკვივალენტი, რაც დღეს უტოლდება იმ თანხას, რასაც ევროპაში ჩაბარებული პოლიტიკური დევნილი იღებს სოციალურ შემწეობას. მაგრამ თუ თქვენ გაქვთ მედიანური შემოსავალი მსყიდველუნარიანობით დაახლოებით იგივე თანხას მიიღებთ, რასაც დღეს იღებს 70 წელს გადაცილებული ადამიანი. დღეს ეს თანხა რაც ადამიანს აქვს დანაზოგში სიტყვაზე 15 000 ლარი, 30 წლის შემდეგ იქნება იმის მეოთხედი ყველაზე ოპტიმისტური სცენარითაც კი.
ამავე დროს ადამიანს არ აქვს იმის მოქნილობა, რომ გასწიოს ე.წ მორალური რისკი (როდესაც მე ვიღაცას ვენდობი, თუნდაც საფინანსო ინსტიტუტს, მე ვიღებ მორალურ რისკს, რომ ის თუ გაკოტრდება ან წააგებს, ამით შეიძლება მე დავზარალდე), ამის მოქნილობაც არ მაქვს, რომ ეს მორალური რისკი ისე გავწიო, როგორც მე ვთვლი მიზანშეწონილად. დაგროვებითი პენსია ბევრ ქვეყანაში მუშაობს, რა თქმა უნდა, საქართველოში ამის ინვესტირება საფონდო ბაზარზე ვერ ხდება, რადგან უბრალოდ არ გვაქვს საფონდო ბაზარი იმ მოცულობის, რომ აითვისოს ეს ფინანსები და მეორე მომენტი არის ის, რომ მოქნილობაში ვართ შეზღუდული იმ მხრივ, რომ ქართულ ბაზარზე უფრო მეტი ფული რჩება და მათ შორის სახელმწიფო ვალდებულებებიც იყიდება ამ ჩვენი ფინანსებით, იმის მაგივრად, რომ მოხდეს მეტად მყარ ვალუტებში თუნდაც აქციების თუ სხვა აქტივების შეძენა,“ – აღნიშნა ამირან კაპანაძემ.
ეკონომისტმა ასევე ისაუბრა იმაზეც, ეხმარება თუ არა საპენსიო პლატფორმაზე მობილიზებული თანხები შიდა კომპანიებს ფინანსებზე წვდომაში და რამდენად შესაძლებელი და სწორია დანაზოგების ამ მიმართულებით წასვლა.
„დღევანდელი სურათით ჩანს, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით პორტფელი მიდის კომერციულ ბანკებში, რომლებიც არიან გიგანტები და ყველაზე დიდ ხეირს ისინი ნახულობენ. სხვა მხრივ, ჩვენ რომ ვიძახოთ, რომ ამით მცირე ბიზნესებს წავახალისებთ და უფრო მაღალ რისკიან აქტივებს გავწევთ, საპენსიო დანაზოგები ამისთვის არ არის გათვლილი და არასწორია, მაქსიმალურად უსაფრთხო გზა უნდა აირჩეს თუ ჩვენ საერთო დანაზოგზე ვსაუბრობთ. აქედან გამომდინარე ჩემი აზრით არასწორია იმაზე საუბარი, რომ ჩვენ ამით მცირე ბიზნესებს და ქართულ კომპანიებს დავეხმარებით მაშინ როდესაც რეიტინგში ყველაზე წარმატებული კომპანიებიც ვერ შედიან. ორად ორი ბანკი გვაქვს, რომელიც საერთაშორისო რეიტინგებში გადის.
ეს იმას ნიშნავს, რომ ამისთვის ქართული საფინანსო სექტორი არ იყო მზად, რომ ეს თანხები აეთვისებინა და რეალურად განხორციელებულიყო ისეთი ინვესტიციები, რომელიც გრძელვადიანად კარგ ეფექტს მოიტანდა, აქედან გამომდინარე პირველ რიგში რაზედაც უნდა ეფიქრათ ეს უნდა ყოფილიყო ამ პორტფელის უცხოურ აქტივებში დივერსიფიცირება. ამ მხრივ გვჭირდებოდა ექსპერტი, რომელიც კარგად ერკვეოდა უცხოურ აქტივებში და დივერსიფიცირებულ პორტფელს შეადგენდა. თუმცა დღევანდელ დღეს გამოდის, რომ ჩვენ გავუზარდეთ გადასახადი რიგით მოსახლეობას და ამ ფულით ვდგავართ და ისევ ვაფინანსებთ იმავე სექტორებს, რაც ისედაც კარგად არის განვითარებული და ჩვენი დამატებითი განვითარება და ხელის შეშველება არ სჭირდება,“ – აღნიშნა ამირან კაპანაძემ.
კაპანაძე განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ დაუშვას მოქნილობა მაქსიმალურად, რომ შესაძლებელი გახდეს თუნდაც კერძო საპენსიო ფონდების ჩართულობის შესაძლებლობა.
„ეს შეიძლება მოხდეს კერძო კომპანიების, საინვესტიციო კომპანიების დახმარებით, რომლებთანაც გადამისამართდება ეს თანხები და ამ კომპანიასთან მოლაპარაკებებით მე შევძლებ, რომ ისე გავანაწილო ეს ფინანსები, როგორც მე მიმაჩნია სწორად, იმ შემთხვევაში, თუ ეს სავალდებულოა და აუცილებლად უნდა მოხდეს ჩემი საპენსიო დანაზოგის სადღაც განაწილება. მეორე ვარიანტი არის ის, რომ უბრალოდ მოხდეს ამ თანხის ხალხისთვის უკან დაბრუნება და დაცდა იქამდე, რომ რეალური საფონდო ბაზარი შევქმნათ და ამის შემდეგ ვიფიქროთ შესაბამისად სავალდებულო საპენსიო სისტემაზე, იმიტომ რომ ყველა მაჩვენებლით, თუ მე დღეს ამ თანხაზე წვდომა არ მაქვს და ისე ვერ განვკარგავ როგორც მე მიმაჩნია სწორად, ყველა ვარიანტში დაზარალებული გამოვდივარ,“ – აღნიშნა ამირან კაპანაძემ.