თუ დადგება საკითხი: მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია, უპირატესობას მშვიდობასა და სტაბილურობას მივანიჭებთ – ირაკლი კობახიძე

თუ ასე დადგება საკითხი, ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობასა და სტაბილურობას. ეს ქართველი ხალხის არჩევანია, ასე გვიყენებენ საკითხს,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი მ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ევროკომისია მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, რომელშიც ხელისუფლებისგან 8 რეკომენდაციის შესრულებას მოითხოვს.
პრემიერის თქმით, ევროპაში მოქალაქე ვიზით წავა, თუ უვიზოდ, ეს არ არის ეგზისტენციალური საკითხი, ხოლო „რასაც გვთავაზობენ, რომ მშვიდობა დაგვირღვიონ და სტაბილურობა“, ეს, მისივე თქმით, ეგზისტენციალურ საკითხია.
„ყველაფერთან დაკავშირებით გვაქვს მკაფიო პასუხი. როდესაც საუბარია პატიმრებზე, ძალიან მკაფიო პასუხი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეულმა პატიმარმა კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა. ამაზე დაგვიწყონ საუბარი. კეთილი ინებონ და დაგვისაბუთონ, თუ აქვთ სამართლებრივი კითხვები რომელიმე საქმესთან დაკავშირებით. ასეთი კითხვები არ არსებობს და ცარიელი პოლიტიკური ულტიმატუმებია, რაც სამწუხაროა.
რაც შეეხება კანონებს, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კანონი, რომელიც უკავშირდება ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვნების ინტერესების დაცვას, გამჭვირვალობას. ეს კანონები გამჭვირვალობის შესახებ არის, არის კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ, თუ ვინმეს უნდა საქართველოში დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, ეს გააკეთონ გამჭვირვალედ, თუ ეს არ უნდათ, ეს გაუგებარია.
მზად ვართ, ჯანსაღი დისკუსია გავმართოთ ყველა სუბიექტთან ყველა საკითხზე. მნიშვნელოვანია, ქართულ საზოგადოებას არ წარმოუჩინონ ევროკავშირი, როგორც საბჭოთა კავშირი.
საბჭოთა კავშირში რა ხდებოდა? მოდიოდა დირექტივები მოსკოვიდან, თუ არ შესრულდებოდა, დაგსჯიდნენ. რისგან განსხვავდება მოსკოვისგან ბრიუსელი?! ბრიუსელი არ უნდა დაემსგავსოს საბჭოთა მოსკოვს. ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან პირდაპირ შესაბამისობაშია ყველა ნაბიჯი, რაც გადაიდგა ჩვენი მხრიდან. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ, საქართველოში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული, სტაბილურობა და განვითარება. არ არის სწორი ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა სისხლიანი პოლიტიკური ძალა.
თუ ვინმე ასე აყენებს საკითხს, ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაციაა…. გამჭვირვალობის კანონის მიღებას რომ გვიკრძალავენ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის უნდათ მშვიდობის და სტაბილურობის წართმევა. როდესაც გეუბნებიან, შენ არ უნდა მიიღო კანონი, რომელიც უცხო ძალას უზღუდავს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას, ეს მაგას ნიშნავს, რომ გემუქრებიან სტაბილურობის და მშვიდობის დაკარგვით. თუ ასე დადგება საკითხი, ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობასა და სტაბილურობას. ეს ქართველი ხალხის არჩევანია, ასე გვიყენებენ საკითხს. ჩვენ მშვიდობას და სტაბილურობას ვირჩევთ, არ დავთმობთ!….ვიზალიბერალიზაცია ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეს დასჭირდება ვიზა, რათა საქართველოდან გაემგზავროს ევროპაში, რაც შეეხება დანარჩენს, მშვიდობა, სტაბილურობა, ოჯახური ღირებულებები, ეს არის ეგზისტენციური საკითხები. ევროპაში წახვალ ვიზით, თუ უვიზოდ, ეს არ არის ეგზისტენციალური საკითხი. რასაც გვთავაზობენ მშვიდობა დაგვირღვიონ, სტაბილურობა, ეს არის ეგზისტენციალური საკითხები. როდესაც ეგზისტენციალური საკითხი უპირისპირდება არა ეგზისტენციალურს, უპირატესობა უნდა მიანიჭო ეგზისტენციალურს“,- აღნიშნა პრემიერმა.
www.interpressnews.ge