„თუ გურბანოვი მამაჩემის მკვლელობის შემკვეთს დაასახელებს, თანახმა ვარ, სასჯელი გაუნახევრდეს ან თუნდაც გაუშვან“

ცხრაწლიანი ძებნის შემდეგ, 12 სექტემბერს, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელის, აზერბაიჯანის მოქალაქე 38 წლის ფარიდ გურბანოვის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირება მოხდა. ის ინტერპოლის საერთაშორისო არხებით 2015 წლის 28 აპრილიდან იძებნებოდა. საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით თურქმა სამართალდამცველებმა გურბანოვი სტამბოლში აიყვანეს. მას უვადო პატიმრობა ელის.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 იანვარს ფარიდ გურბანოვი, ოლექსანდრ დამეტოვის სახელზე შედგენილი უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით, თანამზრახველთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა. დამნაშავეებმა მკვლელობისთვის მომზადება დაიწყეს და პეკინის გამზირზე ბინა იქირავეს. შემდეგ შეიძინეს “ჰონდას” მარკის ისეთი მოპედი (სკუტერი), რომელსაც რეგისტრაცია არ ესაჭიროებოდა, გადაადგილდებოდნენ ჩაფხუტითა და ორმხრივი ქურთუკით. მკვლელობისთვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად ფარიდ გურბანოვმა და მისმა თანამზრახველმა მორიგეობით დაიწყეს ბესარიონ ხარძიანის გადაადგილების გაკონტროლება.

დამნაშავეები მაქსიმალურად ინარჩუნებდნენ კონსპირაციას, სისტემატურად იცვლიდნენ ტანისამოსს, გადაადგილებისას გზებსა და საშუალებებს. 2015 წლის 28 მარტს, შუადღისას, ბესარიონ ხარძიანი, რომელსაც ფარიდ გურბანოვი უთვალთვალებდა, ქალაქ თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მივიდა. სადარბაზოში შესვლისას მას შეჰყვა ფარიდ გურბანოვი და “მაკაროვის” სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ბესარიონ ხარძიანს სამჯერ ესროლა, მათ შორის ერთი თავის არეში საკონტროლოდ. იმავე დღეს ფარიდ გურბანოვმა და მისმა თანამზრახველმა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველო დატოვეს. ფარიდ გურბანოვი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდადებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტებზე და მისჯილი აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება ფარიდ გურბანოვის თანამზრახველს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მას მკვლელობაში დახმარებისთვის მისჯილი აქვს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა და მისი დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გრძელდება.

მკვლელობამდე 4 წლით ადრე ბიზნესმენი ხარძიანი ნარკოდანაშაულის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა თავად ამტკიცებდა, რომ ციხეში ბიზნესინტერესების გამო ჩასვეს. მართლაც, ციხეში წამების შედეგად ხარძიანს კუს ტბის წილები დაათმობინეს. ბესიკ ხარძიანის წამებასა და ქონების უკანონო ჩამორთმევის საქმეზე პროკურატურამ ბრალი 2 პირს ბიზნესმენის მკვლელობის შემდეგ წარუდგინა.

“კვირის პალიტრა” ბიზნესმენის ვაჟს, ბესო ხარძიანს ესაუბრა:

– 9-წლიანი ძებნის შემდეგ ფარიდ გურბანოვი დააკავეს, მის თანამზრახველს, ოლეგ დოევს კი ჯერ კიდევ ეძებს ინტერპოლი… ბესიკ ხარძიანი იცნობდა ამ პირებს?

– დიდი მადლობა მინდა გადავუხადო­ გენერალურ პროკურორს, ბატონ გიორგი­ გაბიტაშვილს, ასევე მის წინამორბედ ბატონ ირაკლი შოთაძეს და ყველა იმ პირს, ვინც ჩართული იყო და არის მამაჩემის მკვლელობის საქმის გამოძიებაში. რაც შეეხება ფარიდ გურბანოვსა და ოლეგ დოევს, რა თქმა უნდა, მამაჩემი არ იცნო­ბდა. სწორედ ამიტომ გაჩნდა ლეგიტიმური ეჭვი, რომ ისინი დაქირავებული კილერები იყვნენ. მოტივს რაც შეეხება, რთული გამოსაცნობი არ იყო, რადგან იმხანად მამაჩემს სასამართლო დავა ჰქონდა კუს ტბის წილის გამო, რომელიც 2011 წელს, “ნაცმოძრაობის” რეჟიმის დროს, გიორგი უდესიანმა­ ციხეში მამაზე ფიზიკური­ თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიისაკუთრა…

– გამოძიებას ჯერ არა აქვს პასუხი მთავარ კითხვაზე­, ვინ დაუკვეთა ბესიკ ხარძიანის მკვლელობა. გაქვთ იმედი, რომ ბრალდებული დაასახელებს დამკვეთს?­

– იმედი მანამდე მექნება, სანამ არ გავიგებ, ვინ შეუკვეთა მამაჩემის მკვლელობა. რაც შეეხება მკვლელ ფარიდ გურბანოვის ალაპარაკებას, ეს პროკურატურის პრეროგატივაა. მე თუ ვინმე მკითხავს და საქმესაც წაადგება, თუ გურბანოვი მამაჩემის მკვლელობის შემკვეთს დაასახელებს, თანახმა ვარ, სასჯელი გაუნახევრდეს ან თუნდაც გაუშვან. ჩემი მთელი ინტერესი მიმართულია მკვლელობის დამკვეთისკენ თუ დამკვეთებისკენ.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ