„თუ გლობალურად ხორბლის ფასი გაიზარდა, ქართველი ფერმერები ამით სარგებელს მიიღებენ“ – ლევან სილაგავა (bm.ge)

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავას თქმით, მომდევნო თვეების განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაძვირებაა მოსალოდნელი. როგორც ის BMG-სთან აღნიშნავს, ხორბლის გაძვირების ფონზე, საქართველოში ყაზახური ნედლეულის იმპორტი მნიშვნელოვანი იქნება.
ყაზახეთი ხორბლის ექსპორტს დაასუბსიდირებს, მიზეზი 2024 წელს რეკორდული მოსავალია, რომლის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის მარცვლეულის ექსპორტის სუბსიდირება განხორციელდება. ამ მიზნით რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 40 მილიარდი ტენგე გამოიყოფა, რაც შესაძლებლობას იძლევა, 2 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი წახალისდეს.
“სამწუხაროდ, საუბარია მხოლოდ ორ მილიონი ტონა ხორბლის ექსპორტზე ყაზახეთიდან, რომელიც მხოლოდ ჩვენზე არ მოდის, ჩვენ გარკვეული ნაწილი გვხვდება და როდესაც ესეც ამოიწურება და დასრულდება სუბსიდირების პროგრამა, [იმპორტი] ძველ რეჟიმს დაუბრუნდება და ეს, სამწუხაროდ, ძვირი რეჟიმია.
მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყაზახური ხორბალი კონკურენციაში შედის რუსულ ხორბალთან და ამ დინამიკაში, ზუსტად იმ ფონზე, რომ რუსული ხორბალი ძვირდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მსოფლიო ტენდენციიდან გამომდინარეც არის შემდეგი 2-3თვის განმავლობაში ხორბლის გაძვირება მოსალოდნელი და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ყაზახური ხორბლის მიღება ჩვენთან”, – ამბობს ლევან სილაგავა.
როგორც ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, ფასების მიმართულებით გლობალური გამოწვევა საქართველოზეც აისახება, რადგან ადგილობრივი ფერმერები მსოფლიო ბაზარს არიან მიბმულები. სილაგავას თქმით, ხორბლის გაძვირება ქართველი ფერმერებისთვის სასარგებლო იქნება.
“ჯერჯერობით ადგილობრივ მოსავალზე ზუსტ პროგნოზს ვერ გავაკეთებთ. თუ შევხედავთ წინა პერიოდს, შეიძლება ჩაითვალოს, რომ მოსავალი იქნება საშუალო ან საშუალოზე მაღალი. ბოლო პერიოდის ამინდებიც ხელს უწყობს ამას – დღევანდელი ნალექები კარგია ნათესებისთვის – მაგრამ კიდევ სჭირდება მარტის თვეში ხელშეწყობის პირობები. შესაბამისად, ამაზე უფრო აპრილის დასაწყისში ვისაუბრებთ.
წინასწარი მონაცემებით მოსალოდნელია საკმაოდ ნორმალური მოსავალი და მზად ვიქნებით, ახალი დადგენილებით ჩავიბაროთ ხორბალი ქართველი ფერმერებისგან. ფასთან დაკავშირებით მსოფლიო ბაზარზეა გამოწვევები და, შესაბამისად, მიჰყვება ხოლმე ქართული ფასი მსოფლიო ბაზარს. თუ ფასი აიწია, საქართველოს ფერმერები ამით რეალურად მიიღებენ სარგებელს, რადგან მსოფლიო ბაზარზეა მიბმული და კარგ ანაზღაურებას იღებენ”, – განაცხადა ლევან სილაგავამ.
ცნობისთვის, გასულ წელს საქართველოში ხორბლის იმპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანამ წლიურად 32%-ით მეტი, 76.2 მლნ დოლარის ღირებულების ხორბალი იყიდა. იმპორტმა 326 505 ტონა შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 47%-იან ზრდას წარმოადგენს.
bm.ge