„თუ გაფიცვის გამო თქვენი უფლებები შეილახება, მოგვმართეთ“ – მეცნიერების, განათლების და კულტურის პროფკავშირი

საქართველოს მეცნიერების განათლების და კულტურის პროფკავშირი გაფიცულ სტუდენტებსა და პროფესორებს სოლიდარობას უცხადებს.
„კომერსანტი“ პროფკავშირის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„13 მაისიდან საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის უმრავლესობამ პარლამენტის მიერ „რუსული კანონის“ („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი) გაწვევის მოთხოვნით გაფიცვა გამოაცხადა, რასაც შეუერთდა ზოგიერთი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალიც. აღნიშნულს 14 მაისს მოჰყვა რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის განცხადება, რომლის მიხედვითაც, „მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე. ამით ხელი ეშლება სასწავლო პროცესის წარმართვას. ეს არღვევს სტუდენტის კონსტიტუციურ უფლებას.“
14 და 15 მაისს ცნობილი გახდა, რომ განცხადებაზე ხელმომწერმა ზოგიერთმა უნივერსიტეტმა ხელმოწერა უკან გაიწვია.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო კი – აკრძალული. 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი აღიარებს გაფიცვის უფლებას, მე-3 მუხლი აცხადებს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. 78-ე მუხლი კი ადგენს, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, უწყვეტი მრავალათასიანი საპროტესტო აქციების, ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნების უმაღლესი მმართველობითი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან იმ გაფრთხილებების მიუხედავად, რომ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოსთან არ დაიწყება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და, შესაბამისად, საქართველო ვეღარ გახდება ევროკავშირის წევრი, რუსული კანონის მიღებით პარლამენტმა უგულებელყო კონსტიტუციის დანაწესი, დანაწესი იმის შესახებ, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი და რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა, როგორიცაა პარლამენტი ძალისხმევა უნდა მიმართონ საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ამ ფონზე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის, მაშასადამე, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების უფლებაა, მიმართონ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ პროტესტის ფორმებს, მათ შორის, გაფიცვას, რათა მოქმედი ხელისუფლება აიძულონ, იმოქმედოს ხალხის ნების შესაბამისად. განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ გაფიცვა წარმოადგენს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო პროტესტის ფორმას.
აქედან გამომდინარე, თუ ის გამოხატულია მშვიდობიანი ფორმით, ექცევა კონსტიტუციის ზემოთ ნახსენები მუხლების ფარგლებში. ნებისმიერი ქმედება, რაც გაფიცული სტუდენტის ან აკადემიური პერსონალის უფლებრივ მდგომარეობას გააუარესებს დისციპლინური სახდელის დაკისრებით, სამსახურიდან გათავისუფლებით, სტუდენტისთვის გამოცდის თარიღის გადაუტანლობით, საგნების აღდგენის შესაძლებლობის მიუცემლობით და სხვ. წარმოადგენს „რუსული კანონის“ საწინააღმდეგოდ კრიტიკული აზრის გამოხატვის ნიშნით დისკრიმინაციას, რაც, ასევე, აკრძალულია კონსტიტუციის მე-11 მუხლით.
პროფესიული კავშირები, ჩვენს წევრ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, ინიციირების დღიდან აქტიურად აპროტესტებენ „რუსულ კანონს“ და მშრომელებს საყოველთაო საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებენ. მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის, განსაკუთრებით, 78-ე მუხლის დაცვა არა მხოლოდ კონსტიტუციური ორგანოების, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქის ვალდებულებაა
მივმართავთ ყველა გაფიცულს, თუ გაფიცვის გამო თქვენი უფლებები შეილახება, მოგვმართეთ – ჩვენ გაგიწევთ სამართლებრივ დახმარებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პროფესიული კავშირები:
მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი – SEC Workers Union
გილდია • Guild
ლაბორ • LABOR
კინემატოგრაფისტთა პროფესიული კავშირი ∙ Cineuniongeorgia
საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი

ასევე დაგაინტერესებთ