„თუ გარიგება მოხდა, მაშინ მასში მონაწილეობს ყველა ის უწყება, რომლის გავლითაც შემოვიდა ონკომედიკამენტები“ – ანდრია ურუშაძე

„ძნელი დასაჯერებელია, როგორ აუარა გვერდი ასეთმა მედიკამენტებმა საბაჟო კონტროლს“ – ასე ეხმაურება ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ანდრია ურუშაძე ზურაბ აზარაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 60-მდე ონკოლოგი საეჭვო წარმოშობის მედიკამენტებს ნიშნავდა.
როგორც ურუშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ აღნიშნა, თუ სქემა, რომელზეც ზურაბ აზარაშვილი (ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი) საუბრობს, არსებობს, მაშინ მასში ჩართულია ყველა ის სახელმწიფო უწყება, რომლის გავლითაც მედიკამენტები ქვეყანაში შემოდის, რადგან ყველა მედიკამენტი ექვემდებარება საბაჟოზე დეკლარირებას.
„საქმის მასალებთან წვდომა არ მაქვს, მაგრამ თუ მსგავსი გარიგება მოხდა, ამ გარიგებაში მაშინ მონაწილეობს ყველა ის სახელმწიფო უწყება, რომლის გავლითაც შემოვიდა ეს მედიკამენტი. თუ ფარულად შემოვიდა, კიდევ უარესი, მაშინ კონტრაბანდასთან გვაქვს საქმე.
ზოგადად არსებობს ჩამონათვალი ქვეყნებისა, რომლის მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენტურობა ეჭვს არ იწვევს, მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნები, იაპონია, ახალი ზელანდია. როცა გამარტივებული რეჟიმით რეგისტრაცია შემოვიტანეთ 2010 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სია ავიღეთ. ჩვენ ვთქვით, რომ თუ ქვეყნები, რომლებიც ეჭვს არ იწვევს წამლის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, მაშინ ჩვენ მათ ცალმხრივად ვაღიარებთ და გამარტივებული წესით მოკლე ვადაში და ფასად ხდება მისი რეგისტრაცია. თურქეთიც შევიდა ამ ქვეყნების სიაში. არიან ქვეყნები, რომლებზეც შეიძლება ეჭვის გვქონდეს, რომ არასათანადოდ ხდება წამლის ხარისხის ან კლინიკური ეფექტურობის შემოწმება. მეორე მხარეც არის, შესაძლოა, იყოს კარგი ქვეყანა, იგივე ევროკავშირის ქვეყანა, მაგრამ თუ ის არ არის ოფიციალურად რეგისტრირებული იგივე ქვეყანაში და არ იცავს იგივე წარმოებასთან დაკავშირებულ სტანდარტს, შეიძლება წუნდებულად, უხარისხოდ ან კლინიკურად არაეფექტურად ჩაითვალოს. სამწუხაროდ, ხშირია ხოლმე ფალსიფიცირებული წამლების გამოშვება. შემიძლია ვივარაუდო, რომ ამასთან არ გვქონია საქმე“, – ამბობს ურუშაძე.
მანვე შეაფასა აზარაშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც, საეჭვო წარმოშობის ონკოლოგიური მედიკამენტების დაფინანსებაზე სამინისტროში მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შედიოდა. როგორც ურუშაძე ამბობს, ამ მიმართულებით ჯანდაცვაში მკაცრი კონტროლის მექანიზმი არსებობს, შესაბამისად, საინტერესოა მსგავსი შემთხვევები დაფინანსების შემდეგ რატომ გამოვლინდა.
„ვინც იცნობს ამ პროცედურას, როგორ ხდება დაფინანსება, მაგალითად, ქიმიოთერაპიის, წარმოუდგენლად მიმაჩნია მსგავსი პრობლემა თავისით მომხდარიყო, რაღაც უყურადღებობას, ან თანამდებობრივ გულგრილობას აქვს ადგილი. იმიტომ, რომ ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ არის ეს ყველაფერი. ყველა მედიკამენტი, პროტოკოლი, ფორმა იტვირთება პორტალზე, მისი რევიზია და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება დაფინანსება. რატომ მოხდა დაფინანსების შემდეგ ამის გამოვლენა, მე არ ვიცი“, – განაცხადა ანდრია ურუშაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ „გამოვლენილია ფაქტები, როდესაც საეჭვო ქვეყნიდან ხდებოდა დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ათასობით ცალი ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანა. სავარაუდოდ, მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული ამ სქემაში და მათ მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შემოდიოდა როგორც სამინისტროში, ასევე მუნიციპალიტეტებში, ხოლო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება“.
წყარო: bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ