ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს განცხადებით, პოლიტიკური გარემოს არსებითი ცვლილების გარეშე, საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები უნდა გადაიდოს.
კონგრესის ბიუროს განცხადებით, არსებულ პირობებში არჩევნების ჩატარება ვითარების გამწვავების რისკს შეიცავს.
„კონგრესის ბიურო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სრულად დაიცვას ევროპული სტანდარტები ადამიანის უფლებების, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, გზას გაუხსნის თავისუფალ და სამართლიან ხელახალ არჩევნებს ეროვნულ დონეზე, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ადგილობრივ დონეზე და სამართლიან მოპყრობას ყველა ქართველისთვის, მათ შორის ადგილობრივი არჩეული წარმომადგენლებისთვის.
კონგრესის პრეზიდენტის, 1-ლი და მე-2 ვიცე-პრეზიდენტების და გენერალური მდივნის ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ (3-4 თებერვალი) და წინა განცხადებებზე დაყრდნობით, ბიუროსთვის ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები უკიდურესი პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის მოსაგვარებლად, რომელიც აზიანებს მათ ქვეყანას. მათ უნდა უზრუნველყონ სამართალდამცავი უწყებების, სასამართლო სისტემის და ყველა საჯარო დაწესებულების დამოუკიდებლობა“, – ნათქვამია კონგრესის ბიუროს განცხადებაში.
როგორც კონგრესის ბიურო აცხადებს, უნდა შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეების გაათავისუფლება.
მათივე განცხადებით, ყველას უნდა მიეცეს საშუალება, ისარგებლოს გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებით.
„მშვიდობიანი პროტესტი დემოკრატიული საზოგადოებების განუყოფელი ნაწილია. ამიტომ, ისინი ვინც, დაკავებული არიან ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში არაძალადობრივი მონაწილეობის გამო, უნდა გათავისუფლდნენ.
მათ შორის არიან ეროვნული და ადგილობრივი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, როგორიცაა მზია ამაღლობელი, რომლის მიმართაც კონგრესმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა“, – ნათქვამია კონგრესის ბიუროს განცხადებაში.
როგორ კონგრესის ბიურო აღნიშნავს, საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს თავისი პოზიცია და ნათლად გამოხატოს თავისი ვალდებულება ოპოზიციასთან ჭეშმარიტი, ღია და კონსტრუქციული დიალოგისადმი.
მათივე განცხადებით, დემოკრატიულ ნორმებთან და სტანდარტებთან დაბრუნებამ უნდა უზრუნველყოს ოპოზიციისთვის საჭირო ნდობა ხელისუფლებასთან ურთიერთობისთვის და ინსტიტუტების ბოიკოტის შესაწყვეტად.
„თავის მხრივ, ამან უნდა გაუხსნას გზა ევროპულ სტანდარტებსა და საერთაშორისო დამკვირვებლების რეკომენდაციებზე დაფუძნებულ ახალ ეროვნულ არჩევნებს, განსაკუთრებით 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების შემდეგ და ასევე ხელი შეუწყოს წინსვლას თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნებისკენ.
ამ მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან კონგრესის მიერ მოთხოვნილ მოსაზრებაზე საარჩევნო კოდექსში უახლესი ცვლილებების შესახებ. შემდეგი ადგილობრივი არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. არსებული პირობებით მისი ჩატარება სიტუაციის გამწვავების რისკს ქმნის. ამიტომ, პოლიტიკური გარემოს არსებითი ცვლილების გარეშე, ეს არჩევნები უნდა გადაიდოს.
ბიუროს სჯერა დემოკრატიული, ევროპული მომავლის, რომელიც ემსახურება ყველა ქართველის ინტერესებს. დიალოგის განახლებისთვის აუცილებელია ყველა პოლიტიკური აქტორის მონაწილეობა ხელისუფლების ყველა დონეზე, მათ შორის მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების.
კონგრესი მზადაა უზრუნველყოს ნებისმიერი მხარდაჭერა ამ მიზნის მისაღწევად“, – ნათქვამია კონგრესის ბიუროს განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ 25-27 მარტს დაგეგმილ კონგრესის სესიაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება.
