თუ ბაჩიაშვილის მკვლელობა უნდოდათ, მისთვის საშველი ყოფილა პატიმრობა – კობახიძე

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ეხმაურება ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილს ბოლო ინტერვიუს “გარდიანთან”. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ორი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურისგან აქვს ინფორმაცია მისი მკვლელობის გეგმის შესახებ.
ამავე ინტერვიუში ბაჩიაშვილი ვარაუდობს, რომ მისი მკვლელობა დაგეგმა არა ბიძინა ივანიშვილმა – რომელმაც საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრა მის წინააღმდეგ, რომელთაგან ერთზე მას უკვე 11-წლიანი სასჯელი აქვს მისჯილი -, არამედ ვინმემ სხვამ, რათა მკვლელობა ივანიშვილისთვის დაებრალებინა.
“თუ მას [ივანიშვილს] მკვლელობაში დაადანაშაულებენ, მაშინ გაცილებით ნაკლები შანსია, რომ შეერთებულ შტატებთან ნორმალური დიალოგის წარმოებას შეძლებს“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
კობახიძემ ბაჩიაშვილის ნათქვამს ზღაპარი უწოდა. თუმცა, იქვე განაცხადა, რომ თუ ეს მართალია, მაშინ “საშველი ყოფილა პატიმრობა”.
“როგორც აღმოჩნდა, გიორგი ბაჩიაშვილს, სამწუხაროდ, სჩვევია ზღაპრების მოყოლა. თუ მართალია და დავუშვათ რომელიღაც ქვეყნის სპეცსამსახურებს უნდოდა მისი მკვლელობა და მერე უნდოდათ, რომ ეს გადაებრალებინათ სთვის, ამ შემთხვევაში, მისთვის საშველი ყოფილა პატიმრობა, რომელიც ახლა აქვს საქართველოში. ამ ყველაფერს გამოძიება აჩვენებს. აქაც, მე ვერ ვიქნები კომპეტენტური, რომ დეტალებზე ვისაუბრო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალი აღსრულდა. ეს არის ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის მთავარი – სამართლის უზენაესობა განუხრელად უნდა იყოს დაცული. აქ ჩატარდა მცირე ოპერაცია. მცირე, თუ არა მცირე – ეს ცალკე საკითხია და სუს-ს, მის ხელმძღვანელს, ანრი ოხანაშვილს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყო სამართლის აღსრულება. შეურაცხმყოფელი იყო სახელმწიფოსთვის ის ფორმა, რა ფორმითაც ბაჩიაშვილმა, თავის დროზე, დატოვა ქვეყანა და, სწორედ, ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აღდგა სამართლის უზენაესობა და კანონი აღსრულდა”, – განაცხადა კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო თითქმის სამი თვის წინ, მარტის დასაწყისში დატოვა.
იმ პერიოდში ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. ორივე შემთხვევაში მას “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უჩიოდა. ორივე საქმეზე ბაჩიაშვილი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.
ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა, ამჯერად – საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. პატიმრობა შეუფარდეს იმ ადამიანსაც, ვინც მას საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარა.
ძებნილობის პერიოდში გადაწყვეტილება გამოცხადდა ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე ერთ-ერთ საქმეზე – მას 11 წლით პატიმრობა განესაზღვრა. ამის შემდეგ, იმავე, ე.წ. ბიტკოინების საქმის ირგვლივ ივანიშვილმა მის წინააღმდეგ სამოქალაქო დავა დაიწყო. ეს საქმე საქალაქო სასამართლომ დაჩქარებული წესით განიხილა და ბაჩიაშვილს ივანიშვილისთვის 9 000 ბიტკოინის ღირებულების თანხის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილების მიღებისას ეს თანხა დაახლოებით 850 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ როგორც მან, ისე მისმა ადვოკატმა არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია მისი შესაძლო მკვლელობის შესახებ.
ამავე თემაზე:
· “დაზიანება არ აქვს, ჯანმრთელობის მდგომარეობაც ნორმალურია, დანარჩენზე თავად ისაუბრებს – ბაჩიაშვილის ადვოკატი