„თუ ასე გაგრძელდა 3-4 წლის განმავლობაში, შეიძლება იყოს საფრთხე, რომ უძრავი ქონების მიწოდებამ გადააჭარბოს მოთხოვნას, თუმცა ამ ეტაპზე ეს მოსალოდნელი არ არის“

„თუ ასე გაგრძელდა 3-4 წლის განმავლობაში, შეიძლება იყოს საფრთხე, რომ უძრავი ქონების მიწოდებამ გადააჭარბოს მოთხოვნას, თუმცა ამ ეტაპზე ეს მოსალოდნელი არ არის“
Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების განყოფილების უფროსმა კახა სამყურაშვილმა „კომერსანტთან“ აღნიშნა, რომ ფასების მხრივ არსებული ტენდენცია მიმდინარე წელს შენარჩუნდება, რაც შეეხება მიწოდების ზრდას, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე პირველად ბინებზე მოთხოვნა კვლავ მზარდია, ბაზარი კი კონკურენტული, შესაბამისად მიწოდების სიჭარბე მოსალოდნელი არ არის.
„თბილისის უძრავი ქონების ბაზარი ძალიან კონკურენტულია, რადგან ახლა 400-მდე მიმდინარე პროექტია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ბევრი დეველოპერია და არცერთი არ არის ისეთი, რომელსაც ბაზრის თუნდაც 10%-ზე მეტი უჭირავს შეთავაზებული ბინების რაოდენობის მიხედვით.
გაცემული მშენებლობის ნებართვების და პროექტების ასეთი ზრდა საყურადღებოა, თუმცა 1-წლიანი ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ჭარბ მიწოდებასთან მიგვიყვანს. რომ ავიღოთ მაჩვენებელი, რამდენი ბინით აჭარბებს ნებართვების ზრდა საშუალო მაჩვენებელს, რაც წინა წლებში იყო, ეს შეიძლება უხეშად რომ დავთვალოთ, მაქსიმუმ იყოს 10 ათასამდე ბინა. საუბარია ბინებზე, რომელიც მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში უნდა აშენდეს. ეს არ არის ის რაოდენობა, რომელსაც ბაზარზე მნიშვნელოვანი წნეხის მოხდენა შეუძლია.
ვფიქრობთ, თუ ასე გაგრძელდა 3-4 წლის განმავლობაში, მერე შეიძლება იყოს საფრთხე, რომ მიწოდებამ გადააჭარბოს მოთხოვნას, თუმცა ამ ეტაპზე ეს მოსალოდნელი არ არის“, – ამბობს კახა სამყურაშვილი.
აღსანიშნავია, რომ Galt & Taggart-ის მონაცემებით, 2023 წელს თბილისში დასრულებული პროექტებიდან თითქმის ყველა ბინა უკვე გაყიდულია, ხოლო პროექტებში რომელებიც 2026-2028 წლებში დასრულდება, მთლიანი ბინების თითქმის ნახევარია რეალიზებული. ჯამში, 2023 წელს თბილისში 2,9 მილიარდი დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა.

ასევე დაგაინტერესებთ