„თუ ასე გაგრძელდა, ალბათ, თავს დავანებებ საქმეს, რომელსაც 12 წელია ვემსახურები“, – ამის შესახებ ავტოიმპორტიორმა ჯაბა გოგინაშვილმა „ბიზნესპრესნისუთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, ბაზარზე სრული ქაოსია, რაც კოდების გაცემამ და ბაზარზე სხვა მოთამაშეების გამოჩენამ გამოიწვია.
როგორც ჯაბა გოგინაშვილი ამბობს, შედეგად, როგორც ავტომობილების ადგილობრივი გაყიდვა, ისე სერვისის საჭიროება შემცირდა, რადგან ქვეყნიდან რეექსპორტით პირდაპირ კონტეინერები გადის.
ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საავტომობილო ბაზარი პროფიციტულია, ავტომობილების იმპორტი მაინც მზარდია. „საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის 6 თვეში საქართველოში 99 751 ერთეული ( 1.662 მლრდ აშშ დოლარის) ავტომობილი შემოვიდა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, თითქმის 3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შედარებისთვის, გასული წლის იანვარ-ივნისში ავტომობილების იმპორტმა 97 350 ერთეული (1.508 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა.
რაც შეეხება ექსპორტს (რეექსპორტი), მაჩვენებლები ასევე მზარდია. კერძოდ, წელს საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან 49 121 ერთეული (1.217 მლრდ აშშ დოლარის), ხოლო გასულ წელს 46 376 ავტომობილი (933.934 მლნ აშშ დოლარი) გავიდა ქვეყნიდან.
„მოდით, თავიდანვე გავმიჯნოთ, ავტობიზნესი და ტვირთი. გაყიდული ავტომობილების რაოდენობა არ იმატებს, იზრდება გაყიდული ტვირთის ოდენობა, რისთვისაც საქართველო არის უბრალოდ გამტარი.
რაც შეეხება გაყიდვას, ჩემთვის პირადად ძალიან შემცირებულია, თუ ასე გაგრძელდა, მაქსიმუმ ახალ წლამდე დავრჩე იმ საქმეში, რომელსაც 12 წელია ვემსახურები. ამის მიზეზი არის ძალიან ბევრი. ეს არის საქმე, რომელშიც ძალიან დიდი შრომა უნდა ჩაიდოს და საერთოდ აღარ ღირს დროის დაკარგვა, ფასებიდან, მოთხოვნიდან გამომდინარე, რეალიზაცია ჭირს. ჩემნაირად ფიქრობს კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი. ის, რაც სტატისტიკისთვის ავტომობილია და მზარდი რიცხვებია, ჩვენთვის არის ტვირთი, რადგან შემოდის და ეგრევე გადის რეექსპორტზე.
საქართველოს ბაზარზე ისეთი ხალხი შემოვიდა, ვისაც პირდაპირი წვდომა მიეცა ამ ყველაფერზე [კოდებზე] და იხდიან არარეალურ თანხებს… აქედან გამომდინარე, აღარ ღირს ამ საქმის კეთება“,- ამბობს ჯაბა გოგინაშვილი.
კითხვაზე ვინ არის ეს „ხალხი“, ავტოიმპორტიორი ამბობს, რომ როგორც ადგილობრივი, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, შექმნილი ვითარება კი დიდი კომპანიების გამოწვეულია.
„ადგილობრივებიც არიან, სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც, პროფილაქტიკები აქვთ ნაქირავები და ა.შ. იმას არ ვამბობ, კოდებს რატომ იღებენ-მეთქი, ბიზნესია, ბევრი განშტოება გამოეყო, ბევრ რაღაცაზე მოხდა წვდომა, უბრალოდ, ჩვენ, ძველ დილერებს აღარ გვიღირს ამდენი წვალება.
რეგულარული შეხვედრებიც გვაქვს დარგის წარმომადგენლებთან, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თანაბარი პირობები იყოს.
ამ ბიზნესში არის ქაოსი, ეს უკვე კონკურენცია აღარ არის. გადაჯერებულია ბაზარი. ადრე თუ მოდიოდა ერთ მანქანაზე ხუთი კლიენტი, ახლა თითქმის, აღარავინ მოდის.
გამოსავალი არის დიდ კომპანიებში, რომლებსაც შეუძლიათ, რომ კოდები აღარ გასცენ. ალბათ, ამით მერე დიდი ზარალი მიადგებათ… მაგრამ მაინც მალე მიადგებათ ზარალი, რადგან სადაც კოდებამდე მივიდნენ, ალბათ, სულ მალე თავისებსაც დაარეგისტრირებენ და მერე კიდევ უფრო გაიზრდება რეექსპორტის მაჩვენებელი, მაგრამ ამით ჩვენ რა?! იმუშავებს პორტი და მორჩა, აქ არაფერი დარჩება“, – ამბობს ჯაბა გოგინაშვილი.
