თუ არ მოხდება სახელმწიფო აქტივების აგრესიული პრივატიზაცია, რამხელა ეკონომიკური ზრდაც არ უნდა გვქონდეს, მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ – გიგა თვაური

საქსტატის მონაცემებით ბოლო 4 თვეში, საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა. რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ეკონომიკური ზრდა, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ეკონომისტმა გიგა თვაურმა ისაუბრა. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია რამდენიმე ცვლადზე.
„საგარეო ვაჭრობაში იანვარ-აპრილში გვაქვს 2,7%-იანი კლება, ხოლო ადგილობრივი ექსპორტში 18,1%-იანი კლება, რაც ძალიან დიდ კითხვის ნიშანს აჩენს. ეკონომიკის ერთ-ერთი მასტიმულირებელი არის გადმორიცხვები, რაც აპრილის თვეში წინა წლის აპრილთან შედარებით 24,8%-ით არის შემცირებული. ეს ძალიან უცნაურ შეფასებას აჩენს ეკონომიკური ზრდის ნაწილში. ერთ-ერთი ცვლადი, რომელიც გვაკლია არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელიც საქსტატმა ამ კვარტალის მომდევნო თვეში უნდა გამოაქვეყნოს. თუმცა აქაც დიდი შეკითხვაა, იმიტომ რომ მსგავს განვითარებად ქვეყნებში, როგორშიც ჩვენ ვართ, ინვესტორები ცდილობენ, რომ ფულადი ნაკადები შეაჩერონ მანამ, სანამ სიტუაცია არ დალაგდება და დასტაბილურდება.
გვეუბნებიან, რომ ზრდა გვაქვს ისეთ სექტორებში, როგორიც არის ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამეცნიერო და ტექნიკური საწარმოები და ა.შ. და ერთადერთ სექტორი სადაც კლება გვაქვს არის ენერგეტიკა.“ – აღნიშნა გიგა თვაურმა. თვაურის თქმით, ზრდა ნამდვილად არის მაგრამ სექტორული. მისი თქმით, ნაკლებ დამაჯარებელია იმის თქმა, რომ მაისის ეკონომიური მაჩვენებელიც გაზრდილი იქნება, რადგან ნახევარი მაისი დასვენების დღე იყო და ამას დაემატა მაისის თვეში საპროტესტო აქციებიც.
„არ არსებობს მივიღოთ ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილის ხელშეწყობით არ იქნება განსხვავებული ეკონომიკური პოლიტიკა, ამისათვის საჭიროა ეკონომიკური ტრანსფორმაცია, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო აქტივების აგრესიულ პრივატიზაციას. თუ ეს ყველაფერი მოსახლეობის ხელში სწრაფად არ გადავა, რამხელა ეკონომიკური ზრდაც არ უნდა გვქონდეს მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ. დღეს ქვეყანაში არსებული ქონების 70% არის სახელმწიფოს ხელში“ – აღნიშნა გიგა თვაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ