ნეტგაზეთი სრულად გთავაზობთ ზვიად ცეცხლაძის საბოლოო სიტყვას სასამართლოში, რომლის დასასრულს, ზვიადის მამამ ალბათ პირველად ვერ შეიკავა ცრემლები სხდომათა დარბაზში.
როცა პროკურორების დასკვნით სიტყვას ვუსმენდი, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მომთაბარე ტომებივით გადაუარა რუსთაველს, ააოხრეს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე და წავიდნენ. თითქოს, აქამდე არც არაფერი მომხდარა, ან მათ წინააღმდეგ რაიმე ქმედება არ იყო ჩადენილი.
ვეცდები ჩემი ემოციური ფონი ავხსნა და ზოგადად ჩემი რა ქმედება საიდან გამომდინარეობდა.
ჩემი პირადად, ზვიად ცეცხლაძის ერთადერთი მოტივი არის, რომ ამ ქვეყანას რაიმე დადებითი შევძინო და შევიძინო პიროვნულად მე.
როდესაც პროტესტის იდეა ჩაისახა და გამიჩნდა პროტესტის სურვილი, ერთადერთი იდეა, რაც მამოძრავებდა, ეს იყო სამოქალაქო წინააღმდეგობის, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ფორმა, რომლის შესახებაც მე იურისპრუდენციის საწყისებში შევიტყვე და იურისტების ნაშრომებში ვკითხულობდი — რა შემთხვევაში და რა ფორმით შეიძლება ინდივიდი და პიროვნება დაუპირისპირდეს სახელმწიფოს, ან სახელმწიფოს მიერ ჩადენილ კონკრეტულ ქმედებებს თუ კონკრეტულ კანონებს. სამოქალაქო დაუმორჩილებლობა არ გულისხმობს ანარქიის მიღებას. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მთლიანი იდეა ის არის, რომ ინსტიტუტები, რომლებიც არსებობენ, გაუმჯობესდნენ, გაჯანსაღდნენ. პირი, რომელიც გამოდის რაღაც კონკრეტული ხარვეზის წინააღმდეგ, მიისწრაფვის არა იმისკენ, რომ სახელმწიფო ჩამოიშალოს, არამედ მუშაობენ იმისთვის, რომ ეს სტრუქტურები, სადაც ხარვეზს პოულობენ, გამოსწორდნენ.
ამ კუთხით, ჩემთვის ყოველთვის სამაგალითო იყო სოკრატეს მაგალითი, სოკრატეს აპოლოგია. ვფიქრობ, ამ ისტორიის მოყოლით, ყველა კარგად მიხვდებით, სამოქალაქო წინააღმდეგობა რა სიმაღლეზე დგას. სოკრატეს როდესაც დააბრალეს ახალგაზრდების გარყვნა, ათენის სასამართლომ ღია სასამართლო ჩაუტარა, სადაც ის გამოვიდა და თქვა, რომ თავს უდანაშაულოდ ცნობდა და აქამდეც არასდროს ჰქონია ნასამართლობა, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ. მაშინ ათენის სასამართლომ უთხრა, თავად შეაფასე, რა სასჯელს იმსახურებო. სოკრატეს მეგობრებმა შესთავაზეს, დაეწერა ჯარიმა, რის გადახდასაც შეძლებდნენ. სოკრატემ პიროვნულად, თავისი პრინციპული გადაწყვეტილებით განაცხადა, თუ მე ამ ქმედებაში დამნაშავე ვარ, ერთადერთი, რასაც ვიმსახურებ, ეს არის პრიტანებთან სადილიო. პრიტანები იყვნენ ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებული ადამიანებიც. მათთან სადილი კი ითვლებოდა უდიდეს პატივად. სოკრატემ თავისი ქმედებები ჩათვალა უდიდესი პატივის ღირსად. რაზეც გაბრაზებულებმა მიუსაჯეს სიკვდილი და გამოამწყვდიეს ათენის ციხეში. რიგი მიზეზების გამო სიკვდილის დასჯა გადაიდო და მისმა მეგობრებმა მოაწყვეს ისე, რომ გაქცეულიყო. მაგრამ როდესაც საკანში შევიდნენ, სოკრატემ გაქცევაზე უარი განუცხადა და უთხრა ისეთი სიტყვები, რაც მთლიანად ასახავს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის არსს: კი ბატონო, მე ვარ უდანაშაულო, თავი უდანაშაულოდ მიმაჩნია. მაგრამ მე, მოქალაქემ, რომელიც ვემსახურებოდი მთელი ცხოვრება ათენის კანონებს, დღეს რომ ათენის კანონების ავტორიტეტი ჩამოვშალო და გავიქცე, ამით ახალგაზრდობაშივე დავანგრევ ათენის დემოკრატიის ინსტიტუტს და მე არ შემიძლია, როგორც მოქალაქემ, მსგავსი რამ გავაკეთოო. სოკრატეს ეს სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული აზროვნება უდანაშაულოდ ყოფნის მომენტშიც კი არ აძლევდა საშუალებას, ინსტიტუტი შეელახა და ჩამოეშალა. მაშინ, როდესაც სწორედ მისი საქმიანობა ამ ინსტიტუტების გაჯანსაღებას ემსახურებოდა.
სწორედ ამ იდეებზე დგას ჩემი და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ახალგაზრდის ემოციური ფონი, როდესაც ისინი გამოდიოდნენ ქუჩაში და დღესაც გამოდიან, რომ რაღაცა უკეთესობისკენ შეცვალონ. ყველაზე კარგი მაგალითი ამის იყო აპრილ-მაისის აქციები, როდესაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ვინც აქ ზის, გამოდიოდა და ცეკვა-თამაშით მიჰყავდა პროტესტი. მაქსიმუმ, გვეცეკვა ქართული ტრადიციული ცეკვა და გვეთამაშა ჯეირანი. ეს იყო მთლიანი ჩვენი პროტესტი. აღმოჩნდა, რომ დეკემბრის ბოლოს ეს ახალგაზრდები, რომლებიც არაფერს აშავებდნენ (და მინდა ვთქვა, რომ მაშინ ევროპული საზოგადოება სამაგალითოსაც გვეძახდა პროტესტის კუთხით,) არიან მოძალადეები, თურმე სცოდნიათ ქვის სროლაც, მოლოტოვების დამზადებაც და ყოფილან ძალიან რადიკალურები. არავინ კითხვას არ სვამს, ზოგადად, ეს დაპირისპირებები, რაც აშკარად მოხდა, რამ გამოიწვია? ან საზოგადოების ნაწილი რამ მიიყვანა ამ დაპირისპირებამდე? ან რას სჩადიოდნენ საერთოდ სამართალდამცველებად წოდებული ადამიანების უმრავლესობა?
ყველაზე საინტერესო აქ ის არის, რომ როდესაც ცდილობდნენ, რომ ჩვენთვის ბრალი წარედგინათ და ვიდეომასალა მოეტანა პროკურატურას, ფაქტობრივად, წესიერად ერთი ვიდეოც კი არ აღმოჩნდა, სადაც არ ჩანდა, სამართალდამცველები როგორ არღვევენ კანონს უხეშად.
მოვიყვან ანდროს ვიდეოს მაგალითს, რომელიც ჩემს სასამართლოზეც სპეციალურად ჩავართვევინე და რითაც ანდროს ედავებიან. იქ თვალნათლივ ჩანს, როგორ ემუქრება ქალბატონს გაუპატიურებით რობოკოპი. ვიდეომასალა არ მოიძებნება, სადაც არ ჩანს, რაოდენ დიდი ზეწოლა და ძალადობა მიდის ჩვენზე.
პირადად ჩემს შემთხვევაში, სადაც ჩემი მეგობრებიც იყვნენ, სხვათა შორის, მოვყევით ჩვენ ალყაში და მართლაც უსასტიკესად გვცემეს. სათვალე გადამალეწეს თავზე. ტანსაცმელი ისე შემომახიეს, ფეხშიშველას მომიწია უნივერსიტეტში ასვლა. ამ ძალადობაზე როდესაც ადამიანი პასუხობს, რა თქმა უნდა, ეს პასუხი უნდა იყოს პროპორციული ძალის, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, როდესაც შეტაკებები იყო მომიტინგეებსა თუ რობოკოპებს, სამართალდამცველებს შორის, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იყო სიცოცხლის უფლების დაცვის რეჟიმში. ეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო. ჩვენ ვიბადებით გარკვეული უფლებებით, რასაც სახელმწიფო არ გვანიჭებს. ჩვენ გვაქვს დაბადებით შეძენილი უფლებები — თავისუფლების, სიცოცხლის, ჯანმრთელობის. და რაც სახელმწიფოს არ უბოძებია ჩემთვის, ის მე მას ვერ წამართმევს.
ცხადია, მე რობოკოპსაც წინააღმდეგობას გავუწევ, როდესაც ჩემს საცემად და დასაჩეხად მოდის, მაგრამ ეს წინააღმდეგობის გაწევაც იქნება პროპორციული ძალის. იმიტომ, რომ ჩემი იდეოლოგია, მსოფლმხედველობა სხვა საშუალებას არ მიტოვებს. თუ მე მსურს გავაჯანსაღო სახელმწიფო და ინსტიტუტები, რომლებიც ჩემზე ძალადობენ, არ შეიძლება, მე მათ იმავე ძალადობით ვუპასუხო. მე თავად უნდა ვიყო მაგალითი. ამ პრინციპებზე დგას სამოქალაქო წინააღმდეგობა და იმ სირცხვილის შეგრძნებაზე — სირცხვილია, ასეთ მძიმე მომენტში გაჩუმდე და არაფერი მოიმოქმედო. სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობა გამომდინარეობს სწორედ ამ სირცხვილის შეგრძნებიდან.
მე გულწრფელად ვგრძნობდი, რომ თუ არ გავიდოდი ქუჩაში, თუ არ დავაფიქსირებდი ჩემს აზრს, შეიძლება სირცხვილის გრძნობას უბრალოდ მოვეკალი და ეს შეგრძნება ყოველთვის თან მდევდა. ეს შეგრძნება არის ყველაზე ცუდი, რაც ოდესმე მიგრძნია. სულ რომ ადამიანები არ გამოსულიყვნენ იმ დღეს პროტესტზე, აუცილებლად გავიდოდი მე. მარტოსაც რომ მომწეოდა დგომა, დავდგებოდი და ჩემს აზრს დავაფიქსირებდი აუცილებლად. იმიტომ, რომ მე მაქვს გარკვეული მორალური მოთხოვნილებები, რისი დაკმაყოფილებაც ჩემთვის, ვფიქრობ, სასიცოცხლოდ აუცილებელია. მე ასე ვგრძნობ ყოველ შემთხვევაში.
ახლა უშუალოდ უნდა შევეხო საქმის მასალებს. ზოგადად, მიმაჩნია, რომ უნდა გავმართლდეთ. საუბარიც არ შეიძლება იყოს ჯგუფურობის მუხლზე. პროკურატურა ოფიციალურად მედავება 30 ნოემბერს ვიდეოს ჩაწერას და გავრცელებას. როდესაც დაზარალებულთა უმრავლესობაც 29-30-შია დაზარალებული. ბიჭებსაც კონკრეტული რაღაცის ჩადენას ედავებიან 29-30-ში. როგორ შეიძლება, მათ რაღაც ჩაედინათ ერთი დღით ადრე, სანამ პროკურატურა იტყოდა, რომ მე მათ რაღაცისკენ მოვუწოდე, რაღაცისკენ დავაკვალიანე და რაღაც ვასწავლე. ეს დროსა და სივრცეში არის ურთიერთგამომრიცხავი.
მეორე არგუმენტი ეხება ვიდეოს, რომელსაც ხმაც არ აქვს. აქედან გამომდინარე სიღრმეში არ შევალ. როდესაც გამომძიებელმა მოიტანა თითქოსდა იდენტური ვიდეო, პირველივე კადრებიდან ჩანდა რომ არ იყო იდენტური. რაც შეეხება მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის განცხადებას — ამ სასამართლოშიც და სხვა საქმეზეც მან დააფიქსირა, რომ ჯგუფის არსებობას ისინი ვერ ადასტურებენ და ელოდებიან ტელეფონების ამონაწერს, რომ კომუნიკაცია დადგინდეს. მსგავსი ამონაწერი არც ბუნებაში არ არსებობს და არც საქმის მასალებში არ არის. შესაბამისად, ჯგუფურობის მუხლი არის წარმოუდგენელი და იმდენად შეუთავსებელი, ვერ წარმომიდგენია, რა დასაბუთებით შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს ადამიანები გარეულები არიან ჯგუფურ ძალადობაში.
რაც შეეხება ჩემს ჩანაწერებს — ჩანაწერები არის [2024 წლის] აპრილ-მაისის დროის. თუ ჩანაწერები წაიკითხეთ, გამოჩნდება, რომ 80% ამ ჩანაწერების არის უნივერსიტეტის საკითხზე. პირველი კურსის პირველი სემესტრის საგნები მაქვს ჩამოწერილი საათობრივად, რა როდის მიტარდება და სემინარები როდის მაქვს, გაკვეთილები რა როდის მაქვს სასწავლი. თუ სხვა რამე მინაწერია, ისიც აპრილ-მაისის მოვლენებს უკავშირდება. წელიწადზე მეტია გასული.
ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია გამოვხატო ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება [ზვიად ცეცხლაძე აქ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს მიმართავს].
ყველაფრიდან გამომდინარე, ძალიან, ძალიან ვაფასებ იმ შემთხვევას, რომ აი, მაგალითად, ალიევი თავისუფლად ნახულობს თავის შვილებს, თავის პატარა ბიჭს და გოგონას. როდესაც სასამართლო პროცესი იწყება, რამდენიმე წუთს გვიტოვებთ, რომ ადამიანებს დაველაპარაკოთ. და ზოგადად, დამოკიდებულებებს, ყურადღებას რასაც იჩენთ, მაგალითად, გიორგის [გორგაძის] და მიმინოშვილის შემთხვევაში, აშკარად იგრძნობა. გიორგი როდესაც ცუდად გაგვიხდა, ნამდვილად ყურადღება არ დაგიკლიათ და ეს პიროვნულად ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. იმდენად მნიშვნელოვანია, საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს, რა განაჩენი დადგება, ჩემთვის ეს დამოკიდებულება იქნება უცვლელი ყველა შემთხვევაში. მინდა, დიდი პატივისცემა და ამ კუთხით დიდი მადლობაც გამოვხატო თქვენ მიმართ.
ასევე, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საზოგადოებას და განსაკუთრებით ჩემს ოჯახს, რომელიც არის ჩემი ყველაზე დიდი საგანძურია და არ ვიცი, ეს სიყვარული ხშირ შემთხვევაში სად წავიღო. უბრალოდ, ამაყი ვარ ამ ადამიანებით და მიხარია, რომ ამ ადამიანებს ვხედავ. სათითაოდ მინდა, ყველას ჩავეხუტო. დიდი მადლობა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ჩემთან ერთად დგახართ. უღრმეს პატივისცემას ვგრძნობ თითოეული თქვენგანის მიმართ.
