ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ქართულ მედიას მიაწოდა კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” განცხადება, რომლის თანახმად, ის საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. კომპანიის თანახმად, ხიდაშელის გადაწყვეტილების მიღება უკავშირდება „სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ გაუგებრობებს”.
„ბიზნესმენს ბოლო დროს ხელისუფლება ლიცენზიის გადახედვითა და შეჩერებით დაემუქრა. როგორც თავად კომპანიაში აცხადებდნენ, საქმე არა პირობების შეუსრულებლობას, არამედ თავად სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ გაუგებრობებს ეხებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითხოვდა იმ პირობების შესრულებას, რომელიც არ იყო სათანადოდ გაწერილი და თავად სახელმწიფო არ ასრულებდა თავის ვალდებულებებს.
გარემოსდაცვითმა დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 20 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიის „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” მიმართ სამართალდარღვევის ოქმები შედგა. როგორც განცხადებიდან ირკვევა, კომპანიამ დაარღვია პირობა, რაც მისი სალიცენზიო არეალის განვითარების გეგმის შედგენას და ამ გეგმის სახელმწიფოსთვის წარდგენას ითვალისწინებდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც კომპანია აღნიშნავს, 15 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ დავით ხიდაშელმა გაუგებრობებისა და მომდევნო სასამართლო პროცესების აცილების და თავისი სახელის უმიზეზოდ შელახვის გამო, რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია და კომპანია გაყიდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ხელშეკრულება უკვე ფორმდება და უახლოეს ერთ კვირაში ცნობილი გახდება, რომ რაჭის ტყეების ლიცენზიის ერთ-ერთი მონაწილე ესპანეთის სამონადირეო მეურნეობებთანაა დაკავშირებული; მეწილე ასევე გახდება სხვა ქართული კომპანიაც”.
დავით ხიდაშელმა განაცხადა, რომ თუ საქართველოში არ აინტერესებთ მისი ინვესტიციები, „კარგად იყვნენ უჩემოდ”. მანვე დაამატა, რომ არ არის დაახლოებული არც კრემლთან და არც „ქართულ ოცნებასთან”.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, სამონადირეო მეურნეობა შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეუჩერეს. როგორც დეპარტამენტი აღნიშნავს, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით, ტყით სპეციალური სარგებლობისთვის მოთხოვნილი 97 276 ჰა ფართობიდან 20 540,3 ჰა „ზურმუხტის ქსელის“ [ტერიტორიის მესაკუთრე ვალდებულია დაიცვას აღნიშნული ფართობი უარყოფითი ზემოქმედებისაგან და დაგეგმოს თავისი საქმიანობა ისე, რომ დაცული იყოს ტერიტორიის ის ეკოლოგიური მახასიათებლები და კომპონენტები, რომელთა დასაცავადაც შეიქმნა „ზურმუხტის ქსელი”] ტერიტორიაზე ფიქსირდება.
შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენი დავით ხიდაშელია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, კომპანიას სამინისტროში საჭირო დოკუმენტაცია არ წარუდგენია.
მიმდინარე წლის 26 ივლისს სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა – თამარ კორძაიამ, ხათუნა სამნიძემ და თეონა აქუბარდიამ – დაიწყო ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის რაჭაში ტყის ნაწილის 49 წლის ვადით გადაცემის საკითხის შესწავლა. დეპუტატებმა მასზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილეს მას შემდეგ, რაც “მთის ამბებმა” გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ხიდაშელის კომპანიის მიერ რაჭის ტყის მესამედის მიღებას მაღალი დონის კორუფციის მაგალითად მიიჩნევს და თვლის, რომ ეს მომგებიანი ხელშეკრულება მან ხელისუფლებისგან “კარტოგრაფების საქმეში” მონაწილეობით “დაიმსახურა”.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაჭაში, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიწების, ტყეების, იქაური მცხოვრებლების ინტერესების ხელყოფა რუსი ბიზნესმენების ინტერესების ხარჯზე, ეს არის ქვეყნის მტრობა და ღალატი. ღალატი გამოიხატება იმაშიც, რომ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი მზად იყო მთელი რაჭის ტერიტორია ერთ კვადრატულ მეტრში $45-ად აეღო საკუთარი პასუხისმგებლობით და ეს ტერიტორიები თავისი ეკოსისტემებით დაეცვა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ რუს ბიზნესმენს, დავით ხიდაშელს, 11 ლარად გადასცა ჰექტარი მიწა”, – განაცხადა თამარ კორძაიამ შესწავლის დაწყებისას.
დავით ხიდაშელის კომენტარში, რომელმაც „ინტერპრესნიუსმა” 26 ივლისს გაავრცელა, ვკითხულობთ: „ლიცენზია ვიყიდეთ ნადირობისთვის. არც ტყესთან, არც მიწასთან და არც ხალხთან შეხება არ აქვს. პირიქით, ხალხი უნდა დაასაქმონ ტყის გასასუფთავებლად, თან ბევრი. წაიკითხეთ და გაეცანით პირობებს. ვალდებულების მეტი არაფერია, მით უმეტეს ყველას შევთავაზე ნახევარ წილში შემოსვლა, მაგრამ არავინ შემოვიდა”.
ჟურნალისტური გამოძიება სახელწოდებით „რაჭის ტყეების ოკუპაცია” 17 ივლისს გამოქვეყნდა „მთის ამბების” ვებგვერდზე. გამოცემის თანახმად, რაჭის ტყის დავით ხიდაშელისთვის გადაცემა „არღვევს როგორც ეროვნულ კანონებს, ისე ევროპულ კონვენციებს, ქმნის ეკოლოგიურ და ისტორიულ აბსურდებს – საკუთარი ნებით, საკუთარი ხელით, საკუთარი გადაწყვეტილებით გავაფორმოთ ოკუპანტის კონტროლი ქვეყანაში”.
რაჭაში აქტიურად აპროტესტებენ რეგიონის ტყეების 105 ათასამდე ჰექტარზე 49-წლიანი ლიცენზიის გაცემას კერძო კომპანიაზე, რომელიც ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილთან აფილირებულ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს.
ხიდაშელი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ერთ-ერთ მსხვილ კომპანია „სისტემას“.