დავით ხიდაშელი საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად დაუდასტურა.
ბიზნესმენს ბოლო დროს ხელისუფლება ლიცენზიის გადახედვითა და შეჩერებით დაემუქრა. როგორც თავად კომპანიაში აცხადებდნენ, საქმე არა პირობების შეუსრულებლობას, არამედ სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ გაუგებრობებს ეხებოდა.
„სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითხოვდა იმ პირობების შესრულებას, რომელიც არ იყო სათანადოდ გაწერილი და თავად სახელმწიფო არ ასრულებდა თავის ვალდებულებებს“, – ამბობს დავით ხიდაშელი.
გარემოსდაცვითმა დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 20 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიის „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” მიმართ სამართალდარღვევის ოქმები შედგა. როგორც განცხადებიდან ირკვევა, კომპანიამ დაარღვია პირობა, რაც მისი სალიცენზიო არეალის განვითარების გეგმის შედგენას და ამ გეგმის სახელმწიფოსთვის წარდგენას ითვალისწინებდა.
დღეს კი ცნობილი ხდება, რომ მომდევნო დღეებში დავით ხიდაშელმა გაუგებრობებისა და მომდევნო სასამართლო პროცესების აცილების და მისი სახელის უმიზეზოდ შელახვის გამო, რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია და კომპანია გაყიდა ანუ ხელშეკრულება უკვე ფორმდება და უახლოეს ერთ კვირაში ცნობილი გახდება, რომ რაჭის ტყეების ლიცენზიის ერთ-ერთი მონაწილე ესპანეთის სამონადირეო მეურნეობებთანაა დაკავშირებული, ასევე გახდება მეწილე სხვა ქართული კომპანიაც.
„თუ არ აინტერესებთ ჩემი ინვესტიციები, კარგად იყვნენ უჩემოდ. სხვა ბევრი ქვეყანა მელოდება ხელგაშლილი ინვესტიციებისთვის და დრო აჩვენებს ყველას, რომ არც კრემლთან და არც ქართულ ოცნებასთან არ ვარ დაახლოებული“, – განაცხადა დავით ხიდაშელმა „კომერსანტთან“.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად, საქართველოს ხელისუფლებამ დავით ხიდაშელის კომპანიას გასული წლის მარტში გადასცა.
სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია 1 151 832 ლარად გაიყიდა. აუქციონში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა და გამარჯვებულიც ის გახდა – შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“. აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორს, ლიცენზიის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში, 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.
შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ წილის 100 %-ის მესაკუთრეა შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“, რომელიც საქართველოში 2017 წლის 15 მარტს არის რეგისტრირებული. ამ კომპანიას წილს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული Global Victory Investments Limited ფლობს. 2018 წლის 26 აპრილს, დუბაიში გაცემული და ნოტარულად დამოწმებული მინდობილობის მიხედვით, Global Victory Investments Limited მესაკუთრეები დავით ხიდაშელი და მისი შვილი, მარიამ ხიდაშელი არიან.