“თუ ამ ხალხმა ოპოზიციის გამარჯვებაში მეტი სარგებელი ვერ დაინახა, ყველა ვარიანტში 41-ს შემოხაზავს” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
ამ ხელისუფლების მომხრეთა აღქმებსა და მოტივაციებში თუ გინდა გაერკვიო, უნდა იცნობდე ისეთ სპეციფიურ ფენომენს, როგორიცაა homo sovieticus, ანუ საბჭოთა მენტალობის ადამიანს. ხელისუფლების ყველა მესიჯი სწორედ ამ ტიპის ამომრჩეველზეა გათვლილი.
კერძოდ: ა) საბჭოთა ადამიანისთვის სიტყვას არანაირი ფასი არა აქვს. სიტყვა არსებობს ძირითადად იმისთვის, რათა აზრი დაფარო. აქედან გამომდინარე, ბიძინა რომ გუშინწინ ერთს ლაპარაკობდა, გუშინ მეორეს და დღეს მესამეს ამბობს, ეს მათთვის არანაირი პრობლემა არაა. ამის გამო მათ თვალში ბიძინას რეპუტაცია არ ეცემა. ბ) საბჭოთა ადამიანი პირველ რიგში აღიარებს ძალას და ძალაუფლებას. აქედან გამომდინარე, რახან ბიძინა 12 წელი ხელისუფლებაშია, ესე იგი მაგარია და იცის რასაც აკეთებს. ხელისუფლებაში ყოფნის ხანგრძლივობა მთელი თავისი შეცდომა-გადაცდომებით საბჭოთა ადამიანისთვის პლუსია და არა მინუსი. გ) საბჭოთა ადამიანისთვის ხელისუფლებაში ყოფნა არის მატერიალური კეთილდღეობისა და ცხოვრების მოწყობის საშუალება. ამიტომ თუ სახელისუფლო კორუფციის ფაქტები მას აღიზიანებს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ არაა იმ კორუფციაში ჩართული. დ) საბჭოთა ადამიანი გაზრდილია ჩაკეტილ საზოგადოებაში, ჯაშუშომანიისა და ამერიკული იმპერიალიზმის მტრის ხატზე. აქედან გამომდინარე, ის ადვილად ექვემდებარება შეთქმულების თეორიებს და ხელისუფლების ვერსიები გლობალური ომის პარტიის შესახებ სულაც არ ეჩვენება შეშლილის ბოდვად. მოკლედ, საბჭოთა ადამიანი არის სრულყოფილ ქოცად ჩამოყალიბებული ტიპაჟი ჯერ კიდევ იმ დროს, როცა სიტყვა “ქოცი” არც არსებობდა. არის მხოლოდ ორი რამ, რამაც შეიძლება საბჭოთა ადამიანს უარი ათქმევინოს ოცნების მხარდაჭერაზე. ესაა პირადი სარგებელი ან განცდა იმისა, რომ ეს ხელისუფლება ყველა ვარიანტში იცვლება. თუ ეს განცდა არ გავრცელდა ან თუ ამ ხალხმა ოპოზიციის გამარჯვებაში მეტი სარგებელი ვერ დაინახა, ეს კონტინგენტი ყველა ვარიანტში 41-ს შემოხაზავს და ვერანაირი დაპირებით მას ვერ მოხიბლავ.
საქმე ისაა, რამდენად დიდია ეს კონტინგენტი. მე პირადად ვფიქრობ რომ არც ისე დიდი, როგორც ხელისუფლებაში ჰგონიათ.

ასევე დაგაინტერესებთ