“თუ [ადამიანს] დასაქმება სურს, შეუძლია პროფესიული განათლება უფასოდ მიიღოს და დასაქმდეს” – ელგუჯა მელაძე

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ელგუჯა მელაძე BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ბიზნესის გამოწვევებზე საუბრობს. მისი თქმით, მთავარი პრობლემა კვლავ კადრების დეფიციტია. მისი მოსაზრებით, პროფესიული განათლების მიღებით ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.
„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდება არ არის, აქ უფრო სიღრმისეული საკითხებია განსახილველი და შესასწავლი, თუ რა იწვევს ამას. კვალიფიციური კადრი გაცილებით სერიოზული პრობლემაა. ხშირად ერთსა და იმავე კადრს, პარალელურად რამდენიმე სამსახურში ვხვდებით, რადგან კონკურენტი დაწესებულებების მხრიდან გადაბირება ხდება. მაგრამ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია არაკვალიფიციური კადრი, რომელთა ეკონომიკაში ჩართვა უნდა მოვახდინოთ.
ჩვენ გვაქვს პროფესიული განათლების ძლიერი სისტემა, სადაც ყველაფერი სახელმწიფოს მხრიდან არის დაფინანსებული. ადამიანს შეუძლია, თუ დასაქმება სურს, პროფესიული განათლება უფასოდ მიიღოს და დასაქმდეს.
ჩვენს ქვეყანას სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, ბაზარზე საპენსიო ასაკს მიახლოებული მოქალაქეები უფრო დაბალ კონკურენტუნარიანები არიან. პროფესიულ ორიენტაციაზე საუბრისას, განათლების მიღება ახალგაზრდებთანაა დაკავშირებული, თუმცა, ევროპული პრაქტიკით ძალიან დიდი შესაძლებლობები არსებობს საპენსიო ასაკს მიახლოებული მოქალაქეებისთვის, რომ დასაქმდნენ“,- აცხადებს მელაძე.
რაც შეეხება სამუშაო ხელის სხვა ქვეყნიდან შემოყვანას, დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ უცხოელი მუშახელის ქვეყანაში შემოყვანა ყველა ევროპულ ქვეყანაში ხდება.
მისივე ცნობით, საქართველოს ბაზარს, როგორც ჩაკეტილ სისტემა ვერ განიხილა. ეს არის ღია სისტემა და აქ გადაადგილება და კადრების მოზიდვა, მოძრაობა დამახასიათებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა