თუ აბუ-დაბის რეისი არ აღდგა, ფასები დრამატულად შემცირდება, ვიდრე ხარჯების გასტუმრებას შევძლებთ, – ამის შესახებ ტურისტული კომპანია Travel To Georgia-ს დამფუძნებელმა, ლაშა ბერეკაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, კომპანიის ზაფხულის დატვირთვის დაახლოებით 30% ყურის ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებზე მოდიოდა, რომლებიც ძირითადად აბუ-დაბის რეისით ჩამოდიოდნენ. ზამთრის სეზონზე კი ყურის ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათზე მოდიოდა დატვირთვის დაახლოებით 70%.
„თუ არ გაიყიდება საკმარისი ოთახები და არ დაიჯავშნება ტურები, ფასების დაწევის მეტი რესურსი აღარ გვაქვს. ასეთ შემთხვევაში, ფასები იმდენად შემცირდება, სანამ ხარჯების გასტუმრებას შევძლებთ. როცა ამასაც ვეღარ მოვახერხებთ – ობიექტები გაკოტრდება და უბრალოდ დაიხურება“, – აღნიშნა ბერეკაშვილმა.
მისივე თქმით, გავრცელებული აზრი, რომ ტურისტების კლება მომსახურების ხარისხის გაუარესებამ გამოიწვია, არ შეესაბამება რეალობას. „თუ შევადარებთ booking.com-ის, Tripadvisor-ისა და Airbnb-ის რეიტინგებს, ვნახავთ, რომ ობიექტების შეფასებები იგივე დარჩა, რაც მაშინ, როცა დატვირთვა მაღალი იყო. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა ხარისხში კი არა, ტურისტული ნაკადების შემცირებაშია“, – ამბობს ბერეკაშვილი.
ბერეკაშვილის ინფორმაციით, ფასების კორექტირება უკვე დაწყებულია. სასტუმროებში ნომრების ღირებულება 160 ლარიდან 130 ლარამდე შემცირდა, ხოლო ტურების ფასი 400–450 დოლარიდან 300 დოლარამდე ჩამოვიდა.
bm.ge