თუშეთთან ტყეში ხანძარს ისევ ებრძვიან

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების, ფშავლის და ლეჩურის მთებში მეორე დღეა, ხანძარს ებრძვიან. ადგილობრივები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ თავდაპირველად ცეცხლის ერთ კერას ხედავდნენ, ახლა კი კვამლი მინიმუმ სამი ადგილიდან ამოდის.
„ცეცხლი საკმაოდ მასშტაბურია და ეს განსაკუთრებით ღამით გამოჩნდა. პირველად მცირე კვამლი შევნიშნეთ და 112-ში დავრეკეთ. როგორც გვითხრეს, მეხანძრეები ადგილზე არიან და მუშაობენ. დასახლებიდან შორია, მაგრამ ცეცხლი თუ დროულად არ ჩააქრეს, გვეშინია, სოფელშიც არ ჩამოვიდეს“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ფშაველში მცხოვრებმა მანანა გაწირიძემ.
ცეცხლი თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, მთაში, 4 დეკემბერს გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სტიქიის ზონაში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა. უწყებაში ჯერჯერობით არ ამბობენ, დაახლოებით რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი.