“თურქ ექიმს ბილეთები ვუყიდეთ… იმედია, უკეთესს გვირჩევს” – “ოცნება” დილიდან თურქი ექიმის სტანდარტულ რეისს ელოდება

20
“ოცნების” ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბოლო ცნობები მიაწოდა საზოგადოებას და განაცხადა, რომ დილიდანვე გადაწყვიტეს უცხოელი ექიმის მოწვევა და მას ბილეთები უყიდეს. რატომ ვერ გადმოიყვანეს ის სპეციალური რეისით, ჯანდაცვის მინისტრი ამაზე არ საუბრობს. რაც შეეხება ექიმს, იგი რეანიმატოლოგია, სარჯველაძის თქმით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, რეანიმატოლოგიური ღონისძიებებია ისევ პირველ ადგილზე.
სარჯველაძე ამბობს, რომ იმედი აქვს დაემთხვევა ქართველი და თურქი ექიმების დასკვნები ერთმანეთს, თუმცა, იქვე ამბობს, რომ იმის იმედიც აქვს, რომ რამე “უკეთესს ურჩევს” თურქი ექიმი.
დილიდანვე მიღებულია გადაწყვეტილება უცხოელი ექიმის მოწვევის შესახებ, ბილეთები შეძენილია და რამდენიმე საათში დიდი ავტორიტეტის და კვალიფიკაციის მქონე თურქი ექიმი -რეანიმატოლოგი იქნება თბილისში. კლინიკასთანაც მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ის დაშვებული იქნება სამუშაოდ, ყველა სამართლებრივ პროცედურას გავივლით იმისთვის, რომ მივიღოთ კვალიფიციური რჩევები თურქი ექიმისგან. მოლოდინი მაქვს რომ დასკვნები დაემთხვევა იმას, რა მეთოდოლოგიითაც მიმდინარეობს მკურნალობა, თუმცა ველოდებით უკეთეს რჩევას. ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც აქვს უწმინდესს, არ გვაძლევს იმის ფიქრის შესაძლებლობას, რომ გადავიყვანოთ, ასევე, ამჟამად მდგომარეობა ისეთია, რომ სხვაგან მკურნალობის საჭიროება, ობიექტურად არ არსებობს, ეს დაადასტურა სიტყვა-სიტყვით აქ დღეს გამართულმა კონისლიუმმა.