თურქული ლირის დევალვაციამ, შესაძლოა, საქართველოდან უცხოური ვალუტის ჭარბი გადინება გამოიწვიოს – პაატა ბაირახტარი
თურქული ლირა დევალვაციას განაგრძობს. 20 მარტის მონაცემებით, გაუფასურებამ ამერიკულ დოლართან მიმართებით 38,6671-დან 41,0653-იან ნიშნულს მიაღწია.
თურქეთის ეროვნული ვალუტის ვარდნა სტამბოლის ოპოზიციონერი მერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, ექრემ იმამოღლუს დაკავებას მოჰყვა, რის შემდეგაც ვაჭრობის დაწყებისას თურქული ლირა დოლართან მიმართებით 13%-ით, ხოლო ქვეყნის საბაზისო ინდექსი, Bist 100, თითქმის, 7%-ით დაეცა. ასევე, დაეცა სუვერენული 10-წლიანი ობლიგაციები, რის შედეგადაც შემოსავლიანობა 175 საბაზისო პუნქტით, 29,94%-მდე გაიზარდა.
ანალიტიკოსების აზრით, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ დაძაბულობას გავლენა მეზობელ ქვეყნებზეც ექნება. რაც შეეხება საქართველოს, თურქეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 384 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
პაატა ბაირახტარის „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ლირის დევალვაცია თურქულ პროდუქციას გააიაფებს, რამაც საქართველოში შესაძლოა უცხოური ვალუტის გადინება და ეროვნული წარმოების პრობლემები გამოიწვიოს.
,,ლირა დევალვაციას განიცდის, რაც თურქულ პროდუქციას ჩვენთვის აიაფებს. თუ ამ ხაზს მივყვებით, თურქული პროდუქცია ჩვენს ბაზარზე გაიაფდება, თუმცა ამას გარკვეული გვერდითი მოვლენები აქვს, კერძოდ თურქული იმპორტის წახალისება საქართველოში, რაც ჩვენი ქვეყნიდან მეტი ვალუტის გადინებას გამოიწვევს, ცხადია, ეს მაინცდამაინც დადებითი ვერ იქნება. ასევე, თურქული ლირის გადაცემა, თუნდაც ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გამო, შესაძლოა ეროვნულ ვალუტაზეც მოხდეს. პირველ რიგში, რასაც დიდი ყურადღება ექცევა ესაა ფსიქოლოგიური ფაქტორები, აქ იგულისხმება სავალუტო ვაჭრობის მონაწილეები, რომლებიც ბაზარს აკვირდებიან და თავის დაზღვევის მიზნით ჰეჯირებას ახდენენ, რაც ლარზე კარგად არ მოქმედებს ხოლმე, ამიტომ ყოველთვის მოვუწოდებ სავალუტო ვაჭრობის მონაწილეებს რომ მსგავს სიტუაციაში თავი შეიკავონ თავის დაზღვევის მექანიზმების ამოქმედებისგან, რომელიც საბოლოო ჯამში უფრო დააზარალებთ.
ასევე, როცა ჩვენი ვალუტა ლირასთან შედარებით ძლიერი იქნება, ამან შესაძლოა ექსპორტი შეაფერხოს, რაც ხელსაყრელი ასევე არ არის”,- აღნიშნა ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა.
