თურქული კომპანია Baykar, რომელიც უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავებს აწარმოებს მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს. კომპანიამ იტალიური თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია Piaggio Aerospace შეიძინა. განცხადება იტალიის მრეწველობის სამინისტრომ გაავრცელა, თუმცა გარიგების ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა. საერთაშორისო ტენდერში კიდევ ორი უცხოური კომპანია მონაწილეობდა.
Piaggio Aerospace 1884 წელს დაარსდა. კომპანია ცნობილია P.180 Avanti თვითმფრინავების წარმოებით, რომლებსაც “ციური ფერარი” უწოდეს. კომპანია ასევე აწარმოებს თვითმფრინავის ძრავებს და იტალიის თავდაცვის ინდუსტრიაში სტრატეგიულ როლს ასრულებს.
2018 წლიდან Piaggio მთავრობის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. მანამდე კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც გაკოტრების საფრთხეზე საუბრობდა. კომპანია ამჟამად ორი სუბიექტს აერთიანებს. ესენია: Piaggio Aero და Piaggio Aviation.
Baykar-მა ვალდებულება აიღო შეინარჩუნოს და გააფართოოს თვითმფრინავების წარმოება და მასთან დაკავშირებული ტექნიკური მხარდაჭერა, განახორციელოს ტრენინგი და ლოგისტიკური საქმიანობა, ასევე ძრავის ტექნიკური მომსახურება და კომპონენტების წარმოება. Baykar-მა აღნიშნა, რომ ამ შესყიდვით ევროპის საავიაციო ბაზარზე აფართოებს თავის გავლენას და ზრდის თვითმფრინავების წარმოების შესაძლებლობებს.