თურქმენეთში, ჯანდაცვის სამინისტროსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა გააფრთხილეს ექიმები, რომ აბორტების გაკეთებისთვის მათ შეიძლება დაკარგონ დიპლომები. რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურს (Radio Azatlyk) აშხაბადის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელმა უთხრა, რომ ამ გაფრთხილების შემდეგ ექიმები აღარ იღებენ ქალებს, რომლებიც აბორტის გაკეთება ითხოვენ.
ორსულობის შეწყვეტა თურქმენეთში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ნაყოფი შეწყვეტს განვითარებას ან მისი გული აღარ ცემს.
ზომების გამკაცრებაზე თურქმენეთის ხელისუფლება ოფიციალურად კომენტარს არ აკეთებს. ჟურნალისტების მიერ გამოკითხული ექიმები კი ასეთ გაფრთხილებას თინეიჯერ გოგონებში ორსულობის რაოდენობის ზრდასთან უკავშირებენ.
“ხელისუფლების ზომებმა შეიძლება შეამციროს აბორტების რაოდენობა, მაგრამ ეს არ შეამცირებს ორსული გოგონების რაოდენობას. პირიქით, უფრო და უფრო მეტი შემთხვევაა, როდესაც 15-16 წლის გოგონები მშობიარობენ და ახალშობილებს სამშობიაროებში ტოვებენ, რაც ობოლთა რაოდენობის ზრდას იწვევს,”- განაცხადა ერთ-ერთმა აშხაბადელმა ექიმმა.
ექიმების აზრით, საავადმყოფოში აბორტის აკრძალვას იწვევს ჯანმრთელობისთვის საშიში მეთოდებით აბორტის სახლში გაკეთებას. რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის წყაროთა ცნობით, გარდა ამისა, გამოჩნდნენ ექიმები, რომლებიც ფარულად ახორციელებენ აბორტებს, მაგრამ მათ, როგორც წესი, გავლენიანი პატრონები ჰყავთ და თანაც ოპერაციებს მხოლოდ მათი ნაცნობებისთვის აკეთებენ.
· თურქმენეთი ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანაა მსოფლიოში. თურქმენეთის სახელმწიფო ინსტიტუტები არ იძლევიან სტატისტიკას ქალთა ჯანმრთელობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ. თურქმენული ჯანდაცვის განათლების ვებგვერდის Saglyk-ის ანგარიშის თანახმად, თურქმენ ქალთა დაახლოებით 50%-ს არ აქვს კონტრაცეპტივების ხელმისაწვდომობა. მკვლევრების აზრით, აბორტი სტიგმატიზებულია ქვეყანაში და არ არსებობს სექსუალური განათლება.