თურქეთში ცხოველთა ე.წ. ხოცვა-ჟლეტის კანონი ამოქმედდა

„დაძინება” – ასე ეძახიან იმ სამედიცინო პროცედურას, რომლის დროსაც ძაღლს სამუდამოდ აძინებენ… ანუ კლავენ… ეს პროცედურა მსოფლიოს რიგ ქვეყნებში მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში გამოიყენება, ვეტერინარებს მხოლოდ მაშინ აქვთ ძაღლის ევთანაზიის უფლება, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა… იმდენად, რომ ცხოველი დიდ ტკივილს განიცდის და მკურნალობა შეუძლებელია. აი, ამ დროს იღებენ ხოლმე ძაღლის ე.წ. „დაძინების“ გადაწყვეტილებას და ამბობენ, რომ ეს ტკივილისგან გათავისუფლებისთვის ერთადერთი გზა იყო.
თურქეთის პარლამენტმა კი მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც მიუსაფარი ძაღლების ე.წ. „დაძინების“ უფლებას იძლევა. კანონი მუნიციპალიტეტებს ავალდებულებს, დაიჭირონ მიუსაფარი ძაღლები და ისინი თავშესაფრებში გადაიყვანონ. პრობლემური ძაღლები კი, გაწვრთნის ან მკურნალობის ნაცვლად პირდაპირ მოკლან. ამ ფაქტმა თურქეთის მოქალაქეების დიდი პროტესტი გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ მიუსაფარი ცხოველების ევთანაზია დანაშაულია და პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ მთავრობა საკუთარი შეცდომების გამოსწორების მიზნით ძაღლებს ხოცავს. ხოცავენ იმიტომ, რომ ვერ მოაგვარეს პრობლემა და არც უფიქრიათ გადაჭრის სხვა, უფრო ჰუმანურ გზებზე. ამბობენ იმასაც, რომ კანონით გათვალისწინებულ თავშესაფრებში გადანაწილება ბევრ მუნიციპალიტეტში შეუძლებელი იქნება თავშესაფრების მცირე რაოდენობის გამო.
„ძალიან გაბრაზებული ვარ. ღამე ვერ ვიძინებ და ძალიან ვნერვიულობ. მაბრაზებს ის ფაქტი, რომ ეს ცხოველები, რომლებიც თვალებში გვიყურებენ და დახმარებას გვთხოვენ, განადგურდებიან… არავის აქვს უფლება ღმერთის მიცემული სიცოცხლე წაართვას სულიერ არსებას“, – ამბობს ციგდემ აქსოი, თურქეთის მოქალაქე.
„ეს ძაღლები ჩვენი მეგობრები არიან… ამ ხეებს შორის წყალს ვდებ, რომ დალიონ, საჭმელს ვუყრი, რომ შეჭამონ. ცხოვრობენ თავისთვის, იმ პირობებში, როგორიც მთავრობამ მისცა – ქუჩაში. წინააღმდეგი ვარ ცხოველების ევთანაზიის, წინააღმდეგი ვარ მათი ჩაკეტვის. მათ აქვთ უფლება იცხოვრონ თავისუფლად, სიყვარულში. ჩვენ მათ სივრცეს ვართმევთ, სივრცეს, რომელზეც არავის უთქვამს, რომ მხოლოდ ადამიანს ეკუთვნის”, – ამბობს სალიმ იუჩე, თურქეთის მოქალაქე.
ოპოზიცია ე.წ. „ხოცვა-ჟლეტის კანონის“ სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს და ამბობენ, რომ ცხოველთა უფლებებისთვის იბრძოლებენ. თურქეთის მოქალაქეები თქმით, ეს კანონი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების მიზნითაც მიიღეს, რადგან კანონში წერია, რომ იმ მუნიციპალიტეტების მერებს, ვინც კანონს არ აღასრულებს, 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თურქეთში ზოგიერთ მუნიციპალიტეტს კი ოპოზიციონერი მერი ჰყავს.
„მათ უნდა წაიყვანონ ძაღლები ქუჩიდან და მოძებნონ მათთვის სახლები, ან ისეთი ადგილები, სადაც მეთვალყურეობას გაუწევენ. სირცხვილია, ის, რაც ახლა ხდება. ძაღლები თავს ესხმიან გამვლელებს. ზოგადად, ეს ცხოველები მორჩილები არიან, თუმცა ხშირად ბავშვებმა არ იციან ძაღლებთან მოქცევა და შედეგად დაკბენილები რჩებიან. ეს დიდი პრობლემაა…” – ამბობს ადემ კოსკუნი, თურქეთის მოქალაქე.
„მე წინააღმდეგი ვარ, რომ ძაღლები ქუჩაში იყვნენ… ვფიქრობ, კანონი, რომელიც მთავრობამ მიიღო, არასწორია, მაგრამ მიუსაფარი ძაღლებით სავსე ქუჩებიც არ მგონია კარგი… მუნიციპალიტეტებმა უნდა მოაგვარონ ეს პრობლემა, თუ ცხოველების გადარჩენა უნდათ, გადაარჩინონ, რას აკეთებენ?! უნდა ააშენონ თავშესაფრები და იმუშაონ მთავრობასთან ერთად ამ პრობლემის მოსაგვარებლად”, – ამბობს ჯევატ თურქმენი, თურქეთის მოქალაქე.
„ერის მოთხოვნა“ – ასე უწოდებენ თურქეთის პრეზიდენტის, ს, პარტიაში ე.წ. „ხოცვა-ჟლეტის კანონს“. თავად პრეზიდენტი კი ფიქრობს, რომ ახალი კანონი მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია… Human Society International-ის წარმომადგენლებმა, რომლებიც 50-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობენ ძაღლებისა და კატების გადარჩენისთვის, თურქეთის პრეზიდენტს წერილით მიმართეს. წერილში რეჯეფ თაიფ ერდოღანს უხსნიან, რომ ეს კანონი უამრავი ცხოველის ტანჯვასა და სიკვდილს გამოიწვევს და თან პრობლემას მაინც ვერ მოაგვარებს.
წყარო: euronewsgeorgia

ასევე დაგაინტერესებთ