უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებაში, რომელიც ამ კვირაში, სტამბოლში უნდა გაიმართოს, მონაწილეობას მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც. ამის შესახებ 13 მაისს, საუდის არაბეთში ვიზიტის დროს განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, მოლაპარაკებამ შესაძლოა, კარგი შედეგი მოიტანოს.
მანამდე ცნობილი იყო, რომ სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და კით კელოგი.
სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თან ახლავს საუდის არაბეთსა და კატარში ვიზიტისას.
ამ ვიზიტის წინ, 11 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთისა და კატარის შემდეგ, 14-16 მაისს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიიღებს მონაწილეობას ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
10 მაისს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერებმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად იმსჯელეს სამშვიდობო პროცესის დასაწყებად ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის გეგმაზე და ერთობლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ აშშ-ის პრეზიდენტთანაც.
ამ მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საერთო პოზიციაა 12 მაისიდან ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით, რუსეთისგან პასუხს ელოდებიან და უარის შემთხვევაში სანქციების გამკაცრება იგეგმება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უპასუხოდ დატოვა და განაცხადა, რომ მზად არიან 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ 15 მაისს პუტინს თურქეთში დაელოდება. თურქეთში ჩასვლა არ გამორიცხა პრეზიდენტმა ტრამპმა.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 13 მაისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსული მხარე განაგრძობს მზადებას მოლაპარაკებისთვის, რომელიც ხუთშაბათს(15 მაისს) უნდა ჩატარდეს, დელეგაციის შემადგენლობას კი მაშინ გამოაცხადებენ, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის პრეზიდენტი პუტინი.
ფორუმი
