თურქეთში ორმა შეიარაღებულმა პირმა ამერიკული კომპანიის Procter & Gamble-ის შვიდი თანამშრომელი მძევლად აიყვანა. შემთხვევა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კოჩაელის პროვინციაში მოხდა. თურქული მედიის ცნობით, შეიარაღებული პირების ეს ქმედება ისრაელი-ჰამასის ომთანაა დაკავშირებული.
თურქულ მედიაში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს ერთ-ერთი სავარაუდო ბრალდებული საწარმოს ტერიტორიაზე. ფოტოზე კაცს ხელში ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს და ასაფეთქებლებისგან გაკეთებული პრიმიტიული ქამარი უკეთია.
საინფორმაციო სააგენტო DHA-ის მიხედვით, ტერორისტების ამ დანაშაულის მიზანი ღაზის სექტორში პალესტინელების სიკვდილის განსაკუთრებით დიდ მაჩვენებელზე ყურადღების გამახვილება იყო. სააგენტო ერთ-ერთ მძევალს, სუჰეილა ზიჰნის დაუკავშირდა და სუჰეილამ სატელეფონო საუბრისას ჟურნალისტს უთხრა, რომ ისინი მძევლად აიყვანეს და კარგად არიან. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, საწარმოში სწორედ ამ დღეს ერთ-ერთი მძევლის დაბადების დღე იყო, რის გამოც თანამშრომლებმა სამსახურში ტორტი მიიტანეს, ტერორისტებმა კი მათ ტორტის ჩაქრობის და დაბადების დღის აღნიშვნის საშუალება მისცეს.
თურქეთის პოლიცია ამჟამად შეიარაღებულ პირებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ბოლო თვეების მანძილზე თურქეთში გაზრდილია უარყოფითი დამოკიდებულება ისრაელის და ამერიკის მიმართ და დიდ ქალაქებში ხალხი პალესტინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს.