სტამბოლში მოკლეს ტელეგრამის არხ “დილა დაღესტნის” სავარაუდო მფლობელი, აბაკარ აბაკაროვი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისი სიკვდილი გამოიწვია დანით მიყენებულმა ბევრმა ჭრილობამ. ოფიციალურად ეს ცნობა დადასტურებული არ არის.
მანამდე თურქეთში გამომავალი Yenisafak იუწყებოდა, რომ სტამბოლში 7 ოქტომბერს აღმოაჩინეს მოკლული კაცის გვამი. ვილა, სადაც ეს მოხდა, დღიურად ქირავდებოდა. იუწყებიან, რომ ეს კაცი ვილაში 6 ოქტომბერს დასახლდა და მომდევნო დღეს მიიღო სტუმარი, რომელმაც სახლი ორი ჩანთით დატოვა. მოკლულთან არ აღმოუჩენიათ დოკუმენტები, თუმცა პოლიცია აცხადებდა, რომ საქმე ეხებოდა სხვა სახელმწიფოს მოქალაქეს.
ის, რომ საუბარი აბაკაროვზეა, გამოცემა “კავკაზსკი უზელს” დაუდასტურა თურქეთში დიასპორის წარმომადგენელმა წყარომ. მომხდარის შესახებ დეტალები წყარომ ამ ეტაპზე არ იცის. მკვლელობას თავის წყაროზე დაყრდნობით ადასტურებს ასევე ტელეგრამის არხი ВЧК-ОГПУ.
2023 წლის ნოემბერში აბაკაროვი რუსეთში ძებნილად გამოაცხადეს, შესაბამის რეესტრში ნათქვამია, რომ იგი იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით. დაზუსტებული არ არის რომელ მუხლზეა საუბარი. ტელეგრამის არხს, რომლის მფლობელადაც ასახელებენ მოკლულს, დაღესტნის ხელისუფლება მიიჩნევს კავშირის მქონედ 2023 წლის ოქტომბერში აეროპორტში მომხდარ ანტისემიტურ პოგრომთან.
პოგრომამდე ცოტა ხნით ადრე ეს არხი გადასცემდა ანტისემიტური შინაარსის განცხადებებს – ანონიმი ავტორები გამოდიოდენ მოწოდებებით ხასავიურტის სასტუმროებიდან თითქოს იქ ჩასული “ისრაელელი ლტილვილების” გაძევებისკენ და მაჰაჩყალის აეროპორტზე შეტევისკენ. ამის შედეგად არხი დაბლოკა ტელეგრამის დამფუძნებელმა, პაველ დუროვმა.
არხ “დილა დაღესტანს” ასევე უკავშირებენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილ დეპუტატს, ილია პონომარიოვს, რომელიც 2016 წლიდან უკრაინაში ცხოვრობს. იგი ადრე ამბობდა, რომ ამ არხს აფინანსებს, თუმცა არ განსაზღვრავს მის სარედაქციო პოლიტიკას. მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარი არეულობის შემდეგ პონომარიოვმა განაცხადა, რომ არხი გადაეშვა “თავისუფალ ცურვაში”.
ფორუმი
