თურქეთში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ბრალდებული 189 ადამიანი დააკავეს

თურქეთში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ბრალდებული 189 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიქაია ავრცელებს.
„მინდა, ჩვენმა ძვირფასმა ერმა იცოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, ერთიანობისა და სოლიდარობისთვის ჩვენ არცერთ ტერორისტს არ შევეგუებით. ჩვენი ხალხის ლოცვითა და ჩვენი უსაფრთხოების ძალების უდიდესი ძალისხმევით ბრძოლას შეუფერხებლად გავაგრძელებთ“, – წერს ალი იერლიქაია X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
ალი იერლიქაიას ცნობით, სპეცოპერაციები თურქეთის 37 პროვინციაში ერთდროულად მიმდინარეობდა.
თურქეთის ხელისუფლებამ ე.წ. ისლამური სახელმწიფოსა და ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციები ბოლო კვირების განმავლობაში გააძლიერეს, მას შემდეგ რაც ქურთმა მებრძოლებმა 1-ელ ოქტომბერს ანკარაში სამთავრობო შენობებთან ბომბი ააფეთქეს.