თურქეთში დააპატიმრეს ოპოზიციის წარმომადგენელი კიდევ სამი მერი

თურქეთში კორუფციის საქმის გამოძიების ფარგლებში შაბათს დააპატიმრეს კიდევ სამი მერი, რომლებიც წარმოადგენენ ოპოზიციურ, “სახალხო რესპუბლიკურ პარტიას” (CHP). ოპოზიცია დაპატიმრებებს მიიჩნევს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის მორიგ გამოვლინებად ამ პარტიის მიმართ – რომელმაც 2024 წლის ადგილობრივ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და რომლის რეიტინგიც იზრდება – მაშინ, როცა პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” (AKP) პოპულარობა კლებას განიცდის.
მიმდინარე გამოძიებას მანამდე მოჰყვა სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს პოსტიდან გათავისუფლება და დაპატიმრება. იმამოღლუ ერდოანის ერთ-ერთი მთავარი მეტოქეა და, გავრცელებული მოლოდინით, 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იგი CHP-ის კანდიდატი იქნება. მისმა დაპატიმრებამ მარტში მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია მასობრივი საპროტესტო აქციები – ყველაზე მსხვილი 2013 წლის შემდეგ.
კვირის დასაწყისში პოლიციამ 120-ზე მეტი პირი დააკავა ქალაქ იზმირში – რომლის მოსახლეობაც, ტრადიციულად, ოპოზიციას უჭერს მხარს.
5 ივლისს დაპატიმრებულები არიან სამხრეთის ქალაქ ადანის მერი, ზეიდან კარალარი, საკურორტო ქალაქ ანტალიის მერი, მუჰითინ ბეჩეკი და სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ადიამანის მერ, აბდურაჰმან ტუთდერე. სააგენტო Anadolu-ის ცნობით, ადანის და ადიამანის მერები დააკავეს სტამბოლის პროკურატურის მიერ აღძრული საქმის ფარგლებში, რომელიც მიემართება მაქინაციებს ტენდერების გამართვისას. ბეჩეკი, შვილთან ერთად, დააკავეს ანტალიის პროკურატურის მიერ აღძრული სხვა საქმის გამო.
ოპოზიციის ლიდერები გმობენ ხელისუფლების ნაბიჯებს. ანკარის მერმა, მანსურ იავაშმა განაცხადა – “ქვეყანაში, სადაც კანონი ემორჩილება პოლიტიკურ ინტერესებს, ხოლო სამართალი შერჩევითად გამოიყენება, შეუძლებელია ვლაპარაკობდეთ ნდობაზე მართლმსაჯულების მიმართ”.
პარალელურად, ანკარაში გრძელდება მოსმენა საქმისა ხმების შესაძლო მოსყიდვაზე 2023 წელს გამართულ CHP-ის ყრილობაზე – რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის, ოზგურ ოზელის გადაყენება. ოზელმა ფართო პოპულარობა მოიპოვა გაზაფხულზე გამართული საპროტესტო აქციების შედეგად.