თურქეთში განახლდა დისკუსია კანონპროექტზე, რომელმაც ქუჩის ძაღლების პრობლემა უნდა მოაგვაროს

თურქეთში განახლდა მწვავე დებატი კანონპროექტზე, რომლის მიზანიცაა ქუჩაში მაწანწალა ძაღლები აღარ იყვნენ.
დისკუსიები მას შემდეგ განახლდა, რაც ორი წლის გოგონა, რანა ელ სელჩი, ქუჩის ძაღლების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო და მუნიციპალურმა თანამშრომლებმა რეგიონში, სადაც შემთხვევა მოხდა, ძაღლების შეგროვება დაიწყეს.
თურქეთის მთავრობის შეფასებით, ქვეყანაში თითქმის ოთხი მილიონი ქუჩის ძაღლი ბინადრობს.
კანონპროექტი, რომელსაც ცხოველთა დამცველებმა „ხოცვა-ჟლეტის კანონი“ უწოდეს, თურქეთის პარლამენტმა 2024 წლის ზაფხულში მიიღო, თუმცა მისი განხორციელება მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა. მოსახლეობას შორის კანონის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა.
„მიზანი ყველა ცხოველის მოშორება არ უნდა იყოს. გამოსავალი უნდა მოიძებნოს და ეს მუნიციპალიტეტებისა და ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობაა. ჩვენ თვითონ გამოსავლის მოძებნა არ შეგვიძლია. მაგალითად, თუ ააშენებდნენ დიდ თავშეყრის ადგილს ცხოველებისთვის, ძაღლებს ცხოვრების შანსი ექნებოდათ, ხოლო ჩვენ და ჩვენი შვილები არ დავზარალდებოდით“, – ამბობს პენსიონერი, ილმაზ ბიდიკი.
კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან ქუჩის ძაღლებს ვაქცინაცია და კასტრაცია ან სტერილიზაცია გაუკეთონ მანამ, სანამ გააჩუქებენ.
ძაღლები, რომლებიც განიცდიან ტკივილს, მძიმედ ავად არიან ან ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, ევთანაზიას დაექვემდებარებიან.
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მთავრობა კანონის იმპლემენტაციისთვის ახლა გადამწყვეტ ნაბიჯებს გადადგამს.
„არ არსებობს ახსნა იმ ველურობის, რაც 2025 წელს თურქეთში მოხდა. ოპოზიციისა და გარკვეული ბანდების მსგავსი სტრუქტურების წინააღმდეგობის მიუხედავად, ვდგამთ გადამწყვეტ ნაბიჯებს, რათა აღსრულდეს კანონი, რომელიც აგვისტოში ქუჩის ძაღლების პრობლემის მოსაგვარებლად მივიღეთ“, – ამბობს თურქეთის პრეზიდენტი, .
ცხოველთა მოყვარულები შიშობენ, რომ კანონის სრულად ამოქმედებას ბევრი ძაღლის სიცოცხლე შეეწირება. მათი თქმით, მუნიციპალიტეტები ავად ყოფნის საბაბს ძაღლების დასახოცად გამოიყენებენ.
„დავუშვათ, რომ ათასობით ძაღლი მოაგროვეს. სად მიგყავთ ისინი? თავშესაფრები არ არსებობს. თურქეთში არაა საკმარისი თავშესაფარი. ის, რომლებიც არსებობს, სიკვდილის ბანაკებია. ძალიან მკაფიო ვიქნები ამის შესახებ. თუ 100 თავშესაფარი არსებობს, მხოლოდ ათია ადეკვატური, დანარჩენი სიკვდილის ბანაკებია“, – ამბობს ცხოველთა უფლებადამცველი, თუგაი აბუქან.
ზოგიერთი ექსპერტი, რომელიც ამ კანონპროექტს აკრიტიკებს, მიიჩნევს, რომ ქუჩის ძაღლების თემა მთავრობის მხრიდან გაუარესებული ეკონომიკისა და გაძვირებული ცხოვრების საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.
წყარო: euronews georgia