აშშ თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვას შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის საბოლოო დამტკიცების შემდეგ დათანხმდება, – ამის შესახებ თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ჯეფ ფლეიკმა განაცხადა.
„მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რის გამოც პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, თურქეთი ისევ გააჭიანურებს“, – განაცხადა ჯეფ ფლეიკმა.
თურქეთში აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ როგორც კი ვაშინგტონი რატიფიცირების ოფიციალურ დოკუმენტს მიიღებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესს, 20 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გაყიდვის შესახებ თხოვნას დაუყოვნებლივ გაუგზავნის.
შეგახსენებთ, თურქეთის პარლამენტმა 23 იანვარს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება მოახდინა. რატიფიცირების პროცესის დასასრულებლად თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმოწერაა საჭირო.
