თურქეთი შეიძლება არ აღმოჩნდეს ჩვენი ელ.ენერგიის სტაბილური მომხმარებელი, უნდა ვიფიქროთ ქვეყანაში მდგრად მოხმარებაზე – მერაბ ლომინაძე (BMG)

თურქეთი შეიძლება არ აღმოჩნდეს ჩვენი ელ.ენერგიის სტაბილური მომხმარებელი, უნდა ვიფიქროთ ქვეყანაში მდგრად მოხმარებაზე – მერაბ ლომინაძე (BMG)
„სამწუხაროდ ერთი კომპანია უკვე დავთმეთ, თუმცა დარწმუნებული ვარ სხვა შესაძლებლობაც გვექნება, რომ მოვიზიდოთ ის კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარებას“,- ამის შესახებ „საქმის კურსის“ შუადღის ეთერში ET SYNERGY-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა მერაბ ლომინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთი შეიძლება არ აღმოჩნდეს ჩვენი ელექტროენერგიის მდგრადი მომხმარებელი, სწორედ ამიტომ უნდა ვიფიქროთ ქვეყნის შიგნით მდგრად მოხმარებაზე, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ელექტროენერგიის გამოყენებას წარმოებაში.
შეგახსენებთ, იმის გამო, რომ ელექტროენერგიის ძირითად საექსპორტო ბაზარზე – თურქეთში ელექტროენერგიაზე ნაკლები იყო მოთხოვნა, ჰიდროელექტროსადგურებს მაისის თვეში წყლის დაღვრა და გენერაციის შეზღუდვა მოუწიათ.
„ქვეყანაში არსებული ჰიდროგენერაციის ობიექტებიდან გამომდინარე, ჩვენ იმდენი გვაქვს ზედმეტობა, რომ დამატებითი რესურსის საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ დღეის მდგომარეობით. წარმოიდგინეთ, ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი რომ იყოს დღეს ამოქმედებული, მაისის თვეში რა გვეშველებოდა 2025 წელს? რაც დავღვარეთ წყალი, ამაზე რამდენიმეჯერ მეტი რესურსის გაფლანგვა მოგვიწევდა. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ყველანი უნდა დავფიქრდეთ შიდა ადგილობრივ მოხმარებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან კარგი პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს როგორც ქვეყანას, კერძო სექტორს თურქეთის რესპუბლიკასთან, მიუხედავად მათი დაპირებისა, რომ ისინი უზრუნველყოფდნენ 500-700 მეგავატის დადგმული სიმძლავრის ექსპორტს თურქეთში, ეს არ მოხდა და არ მოხდა ძალიან ბუნებრივი გარემოებიდან გამომდინარე. თურქეთმა დაახლოებით 39%-ით გაზარდა მხოლოდ მზის ელექტროსადგურების სიმძლავრეები უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში.
ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ, რომ თურქეთი შეიძლება არ აღმოჩნდეს ჩვენი ელექტროენერგიის მდგრადი მომხმარებელი, სწორედ ამიტომ უნდა ვიფიქროთ ქვეყნის შიგნით მდგრად მოხმარებაზე, მუდმივ მოხმარებაზე, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ელექტროენერგიის გამოყენებას უკვე თავის წარმოებაში. ეს არის მნიშვნელოვანი და ამისკენ უნდა მივილტვოდეთ ყველა“,-აცხადებს მერაბ ლომინაძე.
bm.ge