თვითმფრინავის C-130-ის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისთვის თურქეთმა საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატი Akıncı გაგზავნა. როგორც აზერბაიჯანის მთავრობის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტოს APA -ს თურქული ბიურო იტყობინება დრონი უახლოეს საათებში ჩაერთვება სამძებრო ოპერაციაში.
იუწყებიან, რომ Akıncı 2024 წელს ირანის პრეზიდენტის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას სამძებრო სამუშაოებისას წარმატებით გამოიყენეს.
თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი თვითმფრინავი დღეს, 11 ნოემბერს, ჩამოვარდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში.
აზერბაიჯანის ქალაქ განჯის აეროპორტიდან დაძრული თვითმფრინავი ასრულებდა რეისს თურქეთის მიმართულებით.
ჯერჯერობით უცნობია ჩამოვარდნის ოფიციალური მიზეზი.
სხვადასხვა მედია თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამხედრო თვითმფრინავის, C130 „ჰერკულესის“ ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა.
საქართველოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ადგილზე ჩავიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი გელა (გეკა) გელაძე და მინისტრის მოადგილე რონი მესხი.
“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს მიუსამძიმრა. ერდოანთან სატელეფონო საუბრის შესახებ კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადე პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო. ამ რთულ დროს, საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს თურქ მეგობრებს. ჩვენი ფიქრები მიმართულია დაღუპულებისკენ, მათი ახლობლებისა და ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ყველა პირისკენ,“- წერს კობახიძე.
სატელეფონო საუბრისას, ერდოანმა კობახიძესთან სამაშველო-სამძებრო სამუშაოების შესახებ ისაუბრა, წერს მედია და აღნიშნავს, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს მადლობა სამძიმრისა და მხარდაჭრისთვის მადლობა გადაუხადა.
ფორუმი




