თურქეთი იუწყება რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” ორ ხომალდზე გაჩენილ ხანძრებზე

თურქეთის ხელისუფლება იუწყება ხანძრებზე, რომლებიც გაჩნდა შავ ზღვაში, ნავთობის ორ ტანკერზე – “გარე მოქმედების” შემდეგ. ორივე ხომალდს დასავლეთის სანქციები აქვს დაწესებული, როგორც ნაწილებს რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტისა”, რომლის მეშვეობითაც ნავთობით ვაჭრობს.
“რუსეთის ნოვოროსიისკის პორტში მიმავალმა ცარიელმა ტანკერმა, KAIROS-მა, გამოსცა ხანძრის სიგნალი ჩვენი ნაპირიდან 28 მილის მოშორებით, სავარაუდოდ გარე მოქმედების შედეგად. ეკიპაჟის 25 წევრის მდგომარეობა კარგია. მეზღვაურთა ევაკუაციისთვის რაიონში მივლენილია ჩვენი სამაშველო ძალები, სიტუაცია კონტროლის ქვეშაა” – ნათქვამია თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.
მეორე ხომალდმა, სახელად VIRAT-ი, თურქეთის უწყების მონაცემებით გაავრცელა შეტყობინება, რომ დარტყმას დაექვემდებარა შავ ზღვაში, ნაპირიდან დაახლოებით 35 საზღვაო მილის მოშორებით. “მომხდარის ადგილას მივლენილია სამაშველო ჯგუფები და კომერციული ხომალდი. ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 20-ვე წევრი კარგ მდგომარეობაშია, სამანქანო განყოფილებაში აღმოჩენილია სქელი დაკვამლიანება. სიტუაცია კონტროლის ქვეშაა” – წერს თურქეთის ტრანსპორტის სამინისტრო.
რუსეთში ომის მომხრე ბლოგერები წერენ, რომ VIRAT-ზე იერიში ხუთი საზღვაო დრონით განხორციელდა – იუწყება რადიო თავისუფლების რუსული სამსახური.
სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. რუსეთის მხარეს განცხადება არ გაუკეთებია.
www.radiotavisupleba.ge

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”